ახალი ამბები

ეს არ არის ჰეგემონთა შეჯიბრი, ეს დაპირისპირება მომავალს ეხება — კარა მაკდონალდი

5 სექტემბერი, 2022 • 1108
ეს არ არის ჰეგემონთა შეჯიბრი, ეს დაპირისპირება მომავალს ეხება — კარა მაკდონალდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდი აცხადებს, რომ ის, რასაც ზოგიერთი „ჰეგემონთა დაპირისპირებად“ მიიჩნევს, არის დაპირისპირება არსებული საერთაშორისო წესრიგის მომავლის ბედზე.

კარა მაკდონალდის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“ დაპირისპირებას თვლის 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებად.

„ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციამ, – რომელსაც მე წარმოვადგენ, – საგარეო პოლიტიკის ცენტრში მოაქცია დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ასეთია ჩვენი პრიორიტეტები“, – განაცხადა მან.

კარა მაკდონალდის თქმით, არაერთ ქვეყანაში გამოხატავენ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ეს არის „დიდი ძალების შეჯიბრი“, რაც, მისი თქმით, სინამდვილეში ასეარ არის…

„ეს [დაპირისპირება ეხება] საერთაშორისო წესრიგსა და მომავალს, რომელში ცხოვრებაზეც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. და მცირე და საშუალო [ზომის] ქვეყნებს, – და ამას არაერთი მათგანი გვეუბნება, – ძალიან დიდი ფსონი აქვთ ამაში, რამეთუ ისინი დამოკიდებულნი არიან ამ სისტემაზე, რადგან ეს სისტემა  ყველა მათგანს აძლევს საშუალებას, გააგრძელონ საკუთარი საზღვრების დადგენა“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა თბილისში, EPRC-ის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ცენტრის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ყველამ ვიხილეთ „ფრიდომ ჰაუსის“ ინდიკატორები, რაც დემოკრატიის უკუსვლას უჩვენებს მსოფლიოს მასშტაბით, შეერთებული შტატების დღის წესრიგში კი „არის ამ ინდიკატორების ცვლილება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი