ახალი ამბები

რეჟისორი ოლეგ სენცოვი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

5 სექტემბერი, 2022 •
რეჟისორი ოლეგ სენცოვი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

უკრაინელი რეჟისორი და მწერალი ოლეგ სენცოვი, უკრაინის ჯარში იბრძვის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. გერაშენკო აღნიშნავს, რომ სენცოვი ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებშია ჩართულია.

სენცოვი „ფესიბუკ“ გამომწერებს უკრაინის არმიის დახმარებისკენ 25 თებერვლიდან მოუწოდებდა. რეჟისორი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ყველმა იარაღი უნდა აიღოს ხელში და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდეს ან თავდაცვა ისწავლოს და ფრონტზე მყოფთა დასახმარებლად სისხლის დონაცია გაიღოს.

მარტის დასაწყისიდან კი თავადაც შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. 14 მარტს სენცოვი უკვე წერდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. მისი „ფეისბუკ“ პოსტებიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში კიევის შემოგარენში იბრძოდა. 27 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში კი უკრაინელი რეჟისორი ამბობს, რომ დონბასში იმყოფებოდა და ბრძოლას სერჟანტის წოდებით აგრძელებს.

ოლეგ სენცოვი წერდა, რომ ფრონტის ხაზიდან რამდენიმე დღით 5 ივლისს დაბრუნდა, დაქორწინდა და კვლავ საბრძოლველად ბრუნდებოდა. 13 ივლისს კი კვლავ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ დაბადების დღეს „სამსახურში“ შეხვდა. აგვისტოს განმავლობაში კი ფოტოებს ბაჰმუტიდან ავრცელებს.

ოლეგ სენცოვი არის უკრაინელი აქტივისტი, რეჟისორი და მწერალი, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმში, რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ დააკავა. მას რუსული მხარე ტერორიზმში სდებდა ბრალს. 2015 წლის აგვისტოში სენცოვს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებას ხელოვნების თუ სხვა სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა, სენცოვი გაეთავისუფლებინა. იგი უკრაინაში 2019 წელს, ოფიციალური მოსკოვისა და კიევის მიერ დაკავებული პირების გაცვლის შემდეგ დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი