ახალი ამბები

კალაძის თქმით, ვინც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან

5 სექტემბერი, 2022 • 672
კალაძის თქმით, ვინც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც დეოლოგარქიცაზიის შესახებ საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან.

კალაძესთან კითხვა შეეხებოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ განცხადებებსაც, მათ შორის, ზოგიერთი ევროპარლამენტის მხრიდან.

კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის პროცესი არის თუ არა აუცილებელი ევროკავშირისკენ სწრაფვისთვის, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად არის საჭირო, ამგვარი განცხადებების ავტორებს კი ქვეყნის მტრებად მოიხსენიებს:

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან განცხადებები არაერთხელ გაკეთდა. მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. მოთხოვნები, რაც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად იყო მოწოდებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს.

ვინც ამას ამბობს, არის ქვეყნის მტერი, ვითომ მეგობრულად შერაცხილები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, ჩვენ ევროპული კურსიდან არასდროს გადაგვიხვევია. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების, უვიზო მიმოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი