ახალი ამბები

წლიური ინფლაცია 10.9 %-ია – საქსტატი

2 სექტემბერი, 2022 • 1667
წლიური ინფლაცია 10.9 %-ია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.0 პროცენტით განისაზღვრა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, ქვეყანაში პროდუქცია შემდეგნაირად გაძვირდა:

  • პური და პურპროდუქტები – 32.4 პროცენტით
  • რძე, ყველი და კვერცხი – 20.8 პროცენტით,
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 20.3 პროცენტით,
  • ზეთი და ცხიმი – 19.8 პროცენტით,
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 18.7 პროცენტით,
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.6 პროცენტით,
  • თევზეული 13.6 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.1 პროცენტით,
  • ხილი და ყურძენი – 2.5 პროცენტით.
  • საქსტატის თანახმად, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 9.6 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახდელების ჯგუფში კი 12.4 პროცენტით.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის თანახმად, ბოლო ერთი წლის მანძილზე ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე  გაიზარდა 22.5 პროცენტით.

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც ამჟამინდელი მონაცემებით, 7.9 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 11.0 პროცენტი აქვს დადგენილი.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.

ინფლაციის დონე მოქმედებს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ნაწილზეც. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის ზომა აღემატება ფონდის მონაგებს, მაშინ მოქალაქეთა დანაზოგები უფასურდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი