ახალი ამბები

ლავროვი მოლდოვას ემუქრება

1 სექტემბერი, 2022 • 1864
ლავროვი მოლდოვას ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „მოლდოვამ აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ რუსი მშვიდობისმყოფლებისთვის საფრთხის შექმნა დნესტრისპირეთში აღიქმება, როგორც თავდასხმა რუსეთზე“.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით აღიქმება, როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს სააკაშვილი დაესხა“, – განაცხადა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, „რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა მოლდოვაში რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული“.

ლავროვის განცხადებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთი და დე ფაქტო დნესტრისპირეთი მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა მისი განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ და მისი მთავრობა ამის მზაობას არ იჩენს.

ლავროვი გაგაუზიასაც შეეხო, რომელიც მოლდოვაში მდებარე განსაკუთრებული სტატუსის მქონე რეგიონია.

მისი განცხადებით, მოლდოვა სწორად მოიქცევა თუ უარს იტყვის დასავლეთის გეოპოლიტიკურ თამაშებზე და გაითვალისწინებს იმ ხალხის აზრს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს.

ლავროვის ამ განცხადებამდე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს წერილი მიწერა დნესტრისპირეთის ე.წ. ლიდერმა ვადიმ კრასნოსელსკიმ და მას “დიალოგისკენ” მოუწოდა.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოლდოვაში, სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მსგავსად, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

დნესტრისპირეთის მსგავსად, გაგაუზიამაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1994 წელს მოლდოვისა და გაგაუზიის დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გაგაუზია მშვიდობიანი გზით, ფართო ავტონომიის პირობით დაბრუნდა მოლდოვის შემადგენლობაში და მასზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი აღდგა.

გაგაუზიაში ეთნიკურად გაგაუზიელი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. გაგაუზიური ენა თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი