ახალი ამბები

რუსეთი Nord Stream 1-ის მუშაობას 3 დღით აჩერებს

31 აგვისტო, 2022 • 955
რუსეთი Nord Stream 1-ის მუშაობას 3 დღით აჩერებს

რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენით გაზის მიწოდება დროებით შეაჩერა.

მიზეზად სარემონტო სამუშაოებს ასახელებენ.

რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ, გაზპრომმა განაცხადა, რომ მილსადენი სამი დღის განმავლობაში არ იმუშავებს.

გარდა ამისა, რუსეთმა უკვე ისედაც ძალიან შეამცირა ამ მილსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდება, თუმცა უარყოფს, რომ ამას ევროპაზე ზეწოლის მიზნით აკეთებს.

ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენი, იგივე Nord Stream 1 რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების უმთავრესი გზაა.

ის ივლისში რუსეთმა 10 დღით გათიშა. მიზეზად მაშინაც ტექნიკური სამუშაოები სახელდებოდა, თუმცა ეს ევროს მკვეთრი გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთის მანიპულაციებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ენერგიის ფასი კონტინენტზე, რაც გასულ წელთან შედარებით, საშუალოდ, უკვე 400 პროცენტითაა გაზრდილი.

ენერგიის ფასის ზრდა, თავის მხრივ აისახება სხვა პროდუქციაზეც და საბოლოოდ ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი