ახალი ამბები

EU რუსებისთვის ვიზების შეზღუდვას განიხილავს — მომხრეები და მოწინააღმდეგები

30 აგვისტო, 2022 • 589
EU რუსებისთვის ვიზების შეზღუდვას განიხილავს — მომხრეები და მოწინააღმდეგები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 30-31 აგვისტოს პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე იმსჯელებენ.

რუსებისთვის ევროკავშირის ვიზების აკრძალვას ძირითადად ლობირებენ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ჩეხეთმა თავად შეწყვიტა რუსებისთვის რეგულარული ვიზების გაცემა და ითხოვს რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვას ევროკავშირის მასშტაბით. იდეას მხარს უჭერენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. თუმცა, EURACTIV-ის ცნობით, გერმანია, ზოგიერთი სხვა წევრი ქვეყანა და ბლოკის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი ასეთ ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან, ამტკიცებენ რა, რომ ამან შეიძლება დაარღვიოს ევროკავშირის წესები და რუს დისიდენტებს გაქცევის გზები შეუზღუდოს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერებისთვის და ადამიანის უფლებათა აქტივისტებისთვის შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთსა და ფინეთს, რომლებსაც რუსეთთან საზღვარი ჰყოფთ, შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ ტურისტების დაბლოკვის მიზნით, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება საერთო აკრძალვას. ლანდსბერგისის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო რუსეთსა და ევროკავშირს შორის პირდაპირი ფრენები შეჩერდა, რუსები ევროკავშირში ძირითადად ხუთი ქვეყნის სახმელეთო საზღვრების გავლით შედიან.

ესტონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აგვისტოს შუა რიცხვებში დაუხურა საზღვარი 50 000-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს ადრე გაცემული ვიზებით.

„ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი არის პრივილეგია და არა უფლება“, — განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

პრაღის შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ლატვიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნები ხვდებიან, თუ რა მნიშვნელოვანია რუსეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა, მაგრამ შეიძლება რთული იყოს ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის კონსენსუსის მიღწევა.

შეხვედრის წინ გავრცელებულ მემორანდუმში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვეს უფრო ფრთხილი მიდგომა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით, „რათა თავიდან აიცილონ რუსული ნარატივის გამოკვება და დროშის ირგვლივ გაუთვალისწინებელი გაერთიანება ან მომავალი თაობების გაუცხოება“.

EURACTIV-ის ცნობით, ევროკავშირის დიპლომატმა ორშაბათს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შეიძლება შეთანხმდნენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებაზე, რაც ნიშნავს, რომ რუსები ევროკავშირის ვიზებისთვის 35 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადაიხდიან, ასევე, უფრო ხანგრძლივი პროცედურის წინაშე აღმოჩნდებიან.

„საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შედეგი, ალბათ, არ იქნება სანქციების გაფართოება ვიზების ჩათვლით. მაგრამ ვიზის ფასილიტაციის შეთანხმების შეჩერება იქნება პირველი ნაბიჯი“, — თქვა მან.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები კი, რომელთა შეხვედრა პრაღაში გუშინ დაიწყო, განიხილავენ უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიის შექმნის ვარიანტებს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავარჯიშებდა უკრაინულ ჯარებს დასავლური ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაში. ევროკავშირის დიპლომატებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად შეიძლება დაფუძნდეს ევროკავშირის სასწავლო პროგრამა და რა მანდატი შეიძლება ჰქონდეს მას.

გაეროსა და ნატოს წარმომადგენლებთან ერთობლივ სესიაზე თავდაცვის მინისტრები, ასევე, განიხილავენ ევროკავშირის შეჩერებული საწვრთნელი მისიის მომავალს მალიში და ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო ძალებს MINUSMA-ს ყოფნას, რადგან იზრდება შეშფოთება დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში რუსეთის მზარდი ყოფნის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი