ახალი ამბები

32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

30 აგვისტო, 2022 •
32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე ცნობილი გახდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის შესახებ). ამისათვის აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა ადამიანმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე აბიტურიენტმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის, 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი