ახალი ამბები

სანქციებს არ შევუერთდით, მაგრამ ომში რუსეთის მხარეს არ ვართ – სერბეთის ვიცე-პრემიერი

30 აგვისტო, 2022 • 1353
სანქციებს არ შევუერთდით, მაგრამ ომში რუსეთის მხარეს არ ვართ – სერბეთის ვიცე-პრემიერი

ბოლო დღეების განმავლობაში ორ ტრადიციულ მოკავშირეს, სერბეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

მიზეზი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებაა, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გააკრიტიკა.

რას ამბობენ ბელგრადში

მიჰაილოვიჩის განცხადებით, ლავროვი „ბოროტად იყენებს“ სერბეთის გადაწყვეტილებას მოსკოვის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებზე უარის თქმის შესახებ, რათა არასწორად წარმოაჩინოს, თითქოს სერბეთი მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომს.

„სერბეთს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, რომ უკრაინაში ომის წინააღმდეგია. ის ფაქტი, რომ  დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით, არ შევუერთდით სანქციებს, აჩვენებს ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკას.

ნაცვლად იმისა, რომ პატივი სცენ ჩვენს გადაწყვეტილებას, მოუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც განვიცდით, ლავროვი, იმის წარმოჩენით, რომ თითქოს ჩვენ კონფლიქტში რუსეთის მხარეს ვართ, ბოროტად იყენებს ამ ფაქტს, რაც ქმნის დამატებით ზეწოლას პრეზიდენტ ვუჩიჩზე და სერბეთის მთავრობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ის [ლავროვი] საუბრობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე, ამგვარი საქციელი რეალურ ცხოვრებაში საპირისპიროს მიუთითებს“, – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.

პასუხი მოსკოვიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, რომ რუსეთი „ბოროტად იყენებს“ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ზორანა მიჰაილოვიჩს რეალობის აღქმას უწუნებენ.

„როგორც ჩანს, მიხაილოვიჩი ცუდად ერკვევა ორ ქვეყანას შორის არსებულ რეალობაში“, – აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„სერბეთთან გვაქვს სრული ურთიერთგაგება საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. პარტნიორებთან კონტაქტისას ჩვენ ღიად ვაცხადებთ ჩვენს ხედვას უკრაინაში შექმნილი სიტუაციის შესახებ სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში. ჩვენ პატივს ვცემთ ბელგრადის სურვილს, ამ რთულ პირობებში შეინარჩუნოს დაბალანსებული და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ხაზი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სერბეთი, სხვა უმეტესი ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს.

რუსეთი ბალკანეთში მიმდინარე ომების დროს სერბეთთან დაკავშირებით ერთგვარ სოლიდარულ დამოკიდებულებას იჩენდა.

რუსეთი ასევე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელსაც სერბეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა დასავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი