საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს, რომ მიუერთდეს ევროს ერთიანი გადახდის სივრცეს (SEPA).
SEPA ევროკავშირის ინტეგრირებული საგადახდო ინიციატივაა ევროში დენომინირებული საბანკო გადარიცხვების გამარტივებისთვის. შეთანხმებას მიერთებულია ევროკავშირის ქვეყნები, ასევე, ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ, პარლამენტს გაუგზავნიან სამ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა კანონმდებლობაში უნდა ასახოს.
ღარიბაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა SEPA-ს მიუერთდება, გადარიცხვების დროს საჭირო აღარ იქნება შუამავალი ბანკის არსებობა, რაც დამატებით თანხებს მოითხოვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო SEPA-ს მიუერთდება, ქართული ბანკები რეგიონში იქნებიან ერთადერთნი, რომელთაც შეეძლებათ გამარტივებული გადარიცხვების განხორციელება, რის გამოც შესაძლოა გაიზარდოს მეზობელი ქვეყნების ბანკების მხრიდან ქართულ ბანკებთან თანამშრომლობის შესახებ დაინტერესება.
