ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამშვები პუნქტები, გახსნის შემდეგ 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა | ცხინვალი

29 აგვისტო, 2022 • 2150
გამშვები პუნქტები, გახსნის შემდეგ 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა | ცხინვალი

ოსური მხარის ინფორმაციით, 20-დან 28 აგვისტომდე ახალგორისა და ჯავის რაიონების მიმართულებით გახსნილი  გამშვები პუნქტებით 3 026- მა ადამიანმა ისარგებლა.

ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე, შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება ექნებათ.

მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორელებისთვის ქართულ მხარესთან გზა 2019 წლის სექტემბერში მას შემდეგ ჩაკეტა, რაც სოფელ წნელისთან ქართულმა მხარემ საპოლიციო საგუშაგო ჩადგა. მას შემდეგ ბიბილოვი აცხადებდა, რომ ტერიტორია, სადაც ქართული პოლიცია დგას, სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის და თბილისს ამის უფლება არ ჰქონდა. ახალგორელებთან ყველა შეხვედრაზე ბიბილოვი მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებდა, რომ სანამ ქართული მხარე საგუშაგოს არ აიღებს, გზა არ გაიხსნება. ბიბილოვი  2022 წლის გაზაფხულზე დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. ის ალან გაგლოევმა შეცვალა.

ოფიციალურ განცხადებებში ქართული მხარე მიესალმა ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებულ ნაბიჯებს და ცხინვალში მიღებულ გადაწყვეტილებაში საკუთარ როლზე განაცხადა.

“თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კუთხით გამოწვეული უმძიმესი ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები მუდმივ რეჟიმში განიხილებოდა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება”, – განაცხადეს შერიგების სამინისტროში რამდენიმე დღის წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი