ახალი ამბები

სააკაშვილის საკითხზე ორ უცხელ ექსპერტს ჯანდაცვამ დროებითი ლიცენზია მიანიჭა

26 აგვისტო, 2022 •
სააკაშვილის საკითხზე ორ უცხელ ექსპერტს ჯანდაცვამ დროებითი ლიცენზია მიანიჭა

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ორ უცხოელ ექსპერტს დროებითი ლიცენზია მიანიჭა.

ჯიშკარიანის თქმით, საუბარია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტსა და ექსპერტ-ფსიქიატრზე. დანარჩენი ორი ექსპერტისთვის კი, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასონ, უწყებას დამატებითი დრო სჭირდება.

ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ სასამართლო ექსპერტი შვეიცარიიდან საქართველოში ორშაბათს ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ მოინახულებს, ამერიკელი ექიმი-ფსიქიატრის ვიზიტის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია:

„ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ წერილი, რომ ორ ექსპერტზე არის დროებითი ლიცენზია გაცემული 6 თვის ვადით. ესენი არიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და ექსპერტ-ფსიქიატრი. დანარჩენ ორზე, ალბათ, კიდევ დრო დასჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს. სასამართლო ექსპერტი მოდის შვეიცარიიდან, საქართველოში ორშაბათს იქნება და შევა სააკაშვილთან ვივამედში. რაც შეეხება ამერიკელ ფსიქიატრს, მისი ჩამოსვლის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი“, — აცხადებს ჯიშკარიანი.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, უცხოელი ექსპერტები ქვეყანაში ორი მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, ისინი შეაფასებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.

შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი იყო, ექსპრეზიდენტის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო. ადვოკატის თქმით, საუბარია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხთან დაკავშირებით მუშაობაზე და სწორედ ამ მიმართულებითაა ჩართული საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი