ახალი ამბები

EU უკრაინის გაწეულ სამუშაოსაც 2023 წლის ბოლოს შეაფასებს

25 აგვისტო, 2022 • 985
EU უკრაინის გაწეულ სამუშაოსაც 2023 წლის ბოლოს შეაფასებს

უკრაინაში ევროკავშირის ელჩის, მატი მააზიკასის განცხადებით, უკრაინისთვის წარდგენილი შვიდი რეკომენდაციის შესრულების შეფასება 2023 წლის მეორე ნახევარში მოხდება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი უკრაინის პროგრესს 2022 წლის დეკემბერში შეაფასებდა.

ელჩმა ეს განცხადება უკრაინულ გამოცემა European Pravda-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ამჟამად უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს. იურიდიულად, შემდეგი ნაბიჯი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. მანამდე ევროკომისია შეაფასებს უკრაინის მიერ გაწეულ სამუშაოს შვიდ რეკომენდაციასთან დაკავშირებით და უკრაინის ხელმძღვანელობის მონდომებას, რათა იმუშაოს რეკომენდაციების შესრულებაზე. ეს მომავალ წელს შეფასდება“, – განაცხადა მატი მააზიკასმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ როდის შეაფასებდა ევროკავშირი უკრაინის მიერ გაწეულ სამუშაოს, ელჩმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა 2023 წლის მეორე ნახევარში.

„როცა მოთხოვნებზე/რეკომენდაციებზეა საუბარი, ეს არ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც კვირების განმავლობაშია შესაძლებელი. ეს გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. ევროკავშირი ამის შემდეგ შეაფასებს საერთო სურათს.

სამართლიანი იქნება, მოველოდეთ, რომ შეფასება 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან მახარებს ის, რაც უკრაინის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ მოთხოვნებს ამ წელს შეასრულებენ“, – განაცხადა ელჩმა.

უკრაინამ, ისევე როგორც მოლდოვამ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თუმცა ორივე ქვეყანას მოუწევს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებისთვის დამატებით მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულება, მათ შორისაა კორუფციასთან და ოლიგარქიასთან ბრძოლა, უმცირესობების უფლებების დაცვა და საჯარო სექტორის რეფორმირება.

თავდაპირველად მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს, რომელმაც პოტენციური კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეძლო, მოთხოვნების შესასრულებლად ვადა 2022 წლის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს ევროკავშირი 2023 წლის ბოლოს შეაფასებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი