პატიმარი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, რამდენიმე დღის წინ ბადრაგის იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევექსის ჰოსპიტლებში დაუდასტურეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პატიმარმა 2022 წლის 20 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა:
გამოძიების ვერსიით:
“…2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება”.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მოგვიანებით კი დააკავეს ბადრაგი, რომელსაც პატიმარმა იარაღი ამოაცალა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.