მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე დუგინის შვილი დარია დუგინა, რომლის ლიკვიდაციაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს, თავად რუსული სპეცსამსახურების მიერაა მოკლული.
პოდოლიაკმა ჩამოთვალა 4 მიზანი, რომელსაც, მისი თქმით, კრემლმა დუგინას მკვლელობით მიაღწია.
- შექმნა პროპაგანდისტული სიმბოლო;
- პოპულარიზება გაუწია უფროსი დუგინის ნაციონალისტურ იდეებს;
- შეაშინა სხვა პროპაგანდისტები, რომ ისინი უფრო მეტად მორჩილები გახდნენ;
- დროებით გადაიტანა ყურადღება #რუსეთიტერორისტისახელმწიფოა-სგან.
“Cui prodest – მოძებნე, ვინ იხეირა?”, – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.
რუსული მხარე კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრე დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკს, რომელიც, რუსული სპეცსამსახურების თანახმად, კავშირშია აზოვის ბატალიონთან.
რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც, მათი განცხადებით, არის სპეცაგენტის პირადი საქმე, სადაც ქალს ნატალია შაბანი ჰქვია და კავშირშია აზოვის ბატალიონთან.
ბატალიონის წევრების განცხადებით, ქალი არავითარ კავშირში არ იყო მათთან, ხოლო მისი დოკუმენტი, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში იპოვეს და გააყალბეს.
რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის მოქალაქე რუსეთში საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩავიდა, ტერაქტი განახორციელა, შემდეგ კი ესტონეთში გადასვლა მოახერხა.