ახალი ამბები

კადიროვის 19 წლის კრიტიკოსი გატაცებისა და წამების შემდეგ მოკლეს — აქტივისტები

24 აგვისტო, 2022 •
კადიროვის 19 წლის კრიტიკოსი გატაცებისა და წამების შემდეგ მოკლეს — აქტივისტები

19 წლის სალმან ტეფსურკაევი, რომელიც რამზან კადიროვისადმი კრიტიკული ტელეგრამის არხის მოდერატორი იყო, მოკლულია. აღნიშნულის შესახებ “წამების საწინააღმდეგო გუნდის” ადვოკატმა და აქტივისტმა, ოლგა სადოვსკაიამ ჟურნალისტ კატერინა გორდეევასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის დაიღუპა. ვერ გადავარჩინეთ ეს ადამიანი”, — ციტირებს ადვოკატს რუსული დამოუკიდებელი გამოცემა The Insider.

ტეფსურკაევი 2020 წლის სექტემბერში რუსეთის ქალაქ გელენჯიკიდან გაიტაცეს. როგორც The Insider წერს, თვითმხილველებმა სცადეს მისი გადარჩენა გამტაცებლებისგან, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა მათ უჩვენა ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრის მოწმობა.

ტეფსურკაევი ჩეჩნეთში გადაიყვანეს, სადაც კამერის წინ აწამეს და აიძულეს, ბოთლზე დამჯდარიყო. წამების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოქვეყნდა.

ოლგა სადოვსკაიას ზემოხსენებული განცხადების შემდეგ, განცხადება გაავრცელა ტელეგრამის არხმა, რომელსაც ტეფსუკაევი მოდერატორობდა. განცხადების მიხედვით, გატაცებიდან მალევე, 2020 წლის სექტემბერში მოკლეს.

“მას შემდეგ, რაც სალმანი გაიტაცეს, კადიროველებმა ის ბოთლზე დასვეს კამერის წინ, რის შემდეგაც გადაიღეს დადგმული ვიდეო, რომლის [მიხედვითაც] სალმანი თავისუფლად სეირნობდა გროზნოში. ყველა ეს ვიდეო გადაღებულია 2020 წლის 7 სექტემბერს.

გადაღების შემდეგ სალმანი გაიყვანეს გროზნოდან: იმ ტერიტორიიდან, სადაც ახმატ კადიროვის მე-2 პოლკი იყო განთავსებული. იგი მოკლეს 2020 წლის 15 სექტემბერს, სოფელ ჯალკას მახლობლად სამხედრო პოლიგონზე, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის საგვარეულო სახლში.

დააბეს, პირში ყუმბარა ჩაუდეს და შორიდან ააფეთქეს. ისინი აწამებდნენ და ამცირებდნენ სალმანს ერთი კვირის განმავლობაში და ბოლოს სასტიკად მოკლეს, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი საზიზღარი კადიროვის დამნაშავეებისთვის. ცხედარი ახლობლებს გადასცეს და უთხრეს, “ძაღლივით დამარხეთო”.

სალმანის ცხედარი მოუნიშნავ საფლავზე დაკრძალეს”, — აღნიშნულია განცხადებაში.

2021 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სალმან ტეფსუკაევის გატაცებასა და წამებაზე. ოლგა სადოვსკაია ვერც მაშინ გამოთქვამდა იმედს იმის შესახებ, რომ ტეფსუკაევი ცოცხალი იყო.

“საქმე იმაშია, რომ განცხადების წარდგენის მომენტისთვის ერთადერთი, რაც შევძელით, დარწმუნებით გვეთქვა, იყო ის, რომ სალმანი გაიტაცეს და აწამეს. ამავდროულად, ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ ის ცოცხალი იყო და შესაძლოა ჩვენდ ძალისხმევას ის გადაერჩინა. ახლა უკვე აღარ არის იმედი”, — აღნიშნავდა სადოვსკაია.

ტელეგრამის არხი 1ADAT, რომლის მოდერატორიც იყო სალმან ტეფსუკაროვი, ეკუთვნის ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის საწინააღმდეგო “ადატის სახალხო მოძრაობას”. რუსეთის ხელისუფლებას ხსენებული მოძრაობა ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

გამოცემა “მედუზას” მიხედვით, “ადატის მოძრაობა” 2020 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციური მოძრაობაა ჩეჩნეთში.ის, ძირითადად აქტიურობს ტელეგრამზე, სადაც 40 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

სხვა საკითხებთან ერთად, მოძრაობა კონცენტრირდება ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

ადგილობრივმა აქტივისტებმა არაერთხელ განაცხადეს გატაცებებისა და წამების შემთხვევების შესახებ მოძრაობასთან შესაძლო კავშირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი