ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“27 ივლისს აშშ-ის მოქალაქე დავაკავეთ და დღეს გამოვაძევეთ” – ცხინვალი

24 აგვისტო, 2022 •
“27 ივლისს აშშ-ის მოქალაქე დავაკავეთ და დღეს გამოვაძევეთ” – ცხინვალი

ოსური მხარე ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით, 27 ივლისს “სახელმწიფო საზღვრის” უკანონო კვეთის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული აშშ-ის მოქალაქე ახალგორის რაიონში დააკავეს, დღეს კი, 24 აგვისტოს “რესპუბლიკიდან” გამოაძევეს და ქართულ მხარეს გადასცეს.

ცხინვალი აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს, რადგან ქართული მხარის მიერ საზღვრის არაღიარების, ასევე, საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციაზე უარის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეცდომაში შედიან და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადადიან.

ოსური მხარის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მოქალაქემ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის შესახებ ინფორმაციის არქონის გამო, ის უკანონოდ გადაკვეთა, რითაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

ცხინვალის განცხადების შემდეგ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გააკეთა და დაადასტურა აშშ-ის მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა.

უწყების განცხადებით, მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს.

“ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”, – აცხადებს სუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი