ახალი ამბები

„ყირიმი უკრაინაა“ – სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმაზე

23 აგვისტო, 2022 • 768
„ყირიმი უკრაინაა“ – სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

იგი სამიტს დისტანციურად, თბილისიდან შეუერთდა.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ სიტყვაში კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დეოკუპაციის სტრატეგიას.

„ყირიმი უკრაინაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაწყებულა თებერვალში, არამედ ეს დაიწყო ყირიმის ოკუპაციით 2014 წელს.

„უსაფრთხოებისა და მშვიდობის გამოწვევების პასუხგაუცემელი კითხვები მხოლოდ აგრესიასა და არასტაბილურობას მოასწავებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებაც და განაცხადა, რომ საქართველოს ძალიან კარგად ესმის უკრაინის ბრძოლის და დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება.

მისი განცხადებით, უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან შეირყა რუსეთის რწმენა, რომ დაუსჯელია, ასევე, იმ კოლექტიური პასუხის გამო, რომელიც დასავლეთმა გამოიჩინა რუსეთის წინააღმდეგ.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაც და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოც მალე შეუერთდება მოლდოვასა და უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე.

ყირიმის პლატფორმის სამიტი წელს მეორედ იმართება. თავდაპირველად ომამდე, 2021 წელს გაიმართა, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

ნეტგაზეთი სამიტის გამართვამდე საქართველოს მთავრობაში ცდილობდა გაერკვია, თუ ვინ წარმოადგენდა ქვეყანას ღონისძიებაზე, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი