რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქალიშვილის დაღუპვის გამო ალექსანდრე დუგინსა და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
სამძიმრის წერილი კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დარია დუგინა 20 აგვისტოს მოსკოვში მოწყობილ აფეთქებას ემსხვერპლა.
„საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა დაასრულა დარია დუგინას სიცოცხლე. სულნათელი, ნიჭიერი ადამიანი ნამდვილი რუსული გულით – კეთილი, მოსიყვარულე, ლამაზი და ღია; ჟურნალისტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ომის კორესპონდენტი, პატიოსნად ემსახურა ხალხს, სამშობლოს. მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი“, – განაცხადა პუტინმა.
რუსული მხარის თანახმად, დუგინას მკვლელობის საქმე უკვე გაიხსნა.
როგორც რუსეთში აცხადებენ, მისი მკვლელობა უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, ხოლო უშუალოდ დანაშაული ჩაიდინა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ვოვკმა, რომელიც ქვეყანაში საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთად შევიდა, ხოლო აფეთქების შემდეგ ესტონეთში გადავიდა.
ალექსანდრე დუგინი ახალი რუსული შოვინისტური გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენელია.
იგი “დიდი რუსული სახელმწიფოს” აღდგენისა და სლავი და საბჭოთა ხალხების გაერთიანების იდეებით გამოდის.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტერაქტის სამიზნე თავად დუგინი იყო, თუმცა ბოლო მომენტში სხვა მანქანაში გადაჯდა.