ახალი ამბები

პროკურატურამ ერთ პირს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე ბრალი წაუყენა

22 აგვისტო, 2022 •
პროკურატურამ ერთ პირს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. პროკურატურის განცხადებით, ასევე, ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს გასტაცა პასპორტი.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ ,- აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის თქმით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი