თურქეთში, მარდინის პროვინციის ქალაქ დერიქში 20 აგვისტოს საღამოს მომხდარ ავტოავარიას, ბოლო ცნობებით, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი — დაშავდა. ესაა შაბათს მომხდარი მეორე ავტოკატასტროფა თურქეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მრავალი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ დერიქში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, თავდაპირველად 1 სატვირთო და 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.
სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები ადგილზე მუშაობდნენ, როცა ავარიის ადგილას კიდევ ერთი სატვირთო მანქანა იქ მყოფ მოქალაქეებს შეეჯახა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთთინ ქოჯას ცნობით, დაიღუპა 19 და დაშავდა 26 ადამიანი.
ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბიან შეშინებული მოქალაქეები იმ დროს, როცა სატვირთო ქვეითებს ეჯახება.
20 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, კიდევ ერთი ავარია გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა. როგორც თურქული სააგენტო „დეილი საბაჰი“ წერს, თავდაპირველად ავარიაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა და ხევში გადავარდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები.
იმ დროს როცა მაშველები და სამედიცინო პერსონალი ავარიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდა, შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა მეორე ავარია. სამგზავრო ავტობუსი ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა, შემდეგ სახანძროსას, ბოლოს საინფორმაციო სააგენტო Ihlas News Agency (IHA)-ის მანქანას და ამობრუნდა.
ავტოავარიის დროს დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 სასწრაფო დახმარების თანანმშრომელი, ორი ჟურნალისტი და ავტობუსში მყოფი 7 მგზავრი.
“ჩვენი სურვილია, გაზიანთეფსა და მარდინში ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ახალი ტკივილი აღარ განვიცადოთ”, — წერს “ტვიტერზე” თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
გარეკანის ფოტო: İHA