თბილისში, “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” ციხიდან გადაყვანილი პატიმარი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფაქტი 20 აგვისტოს, დილის საათებში მოხდა.
ოჯახის ინფორმაციით, პატიმარი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მიმდინარე დღეებში გადაიყვანეს. დაჭრილ კაცს ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა.
“ფსიქიატრიულში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, ალბათ კარგია, ფსიქიატრიულში რადგან არის. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა ყველაფერი იქნებოდა კარგად, მაგრამ მოვდივარ დღეს დილას და მეუბნებიან, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის ტოტალური დაზიანება.
რანაირად მოხდა, გამაგებინეთ. რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ [გაისროლა] ასე, ამიხსენით…” — უთხრა მედიას პატიმრის დედამ.
მომხდართან დაკავშირებით 20 აგვისტოს საღამოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, პატიმარ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების ვერსიით:
“…2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება”.
განცხადების თანახმად, უწყებამ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები აიღო, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.
“საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია”, — აღნიშნავს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.