ახალი ამბები

თურქეთში კაცმა ხიდი ააგო მას შემდეგ, რაც მეზობელმა სახლამდე მისასვლელი გზა არ გააყვანინა

19 აგვისტო, 2022 •
თურქეთში კაცმა ხიდი ააგო მას შემდეგ, რაც მეზობელმა სახლამდე მისასვლელი გზა არ გააყვანინა

წლებია, თურქეთში, ართვინის პროვინციაში მცხოვრები კაცი ხის ხიდით სარგებლობს, რათა სახლამდე მიაღწიოს. როგორც თურქული მედია წერს, დაკიდული ხიდი 65 წლის მეჰმეთ დემირმა თავად ააშენა მას შემდეგ, რაც მეზობელმა ნებართვა არ მისცა, სახლამდე მისასვლელი გზა მის კუთვნილ მიწაზე გაეყვანა.

სააგენტო DHA-ს თანახმად, მეჰმეთ დემირმა, რომელიც დაბა იუსუფელიში ცხოვრობს, 2009 წელს გადაწყვიტა, ორ მთას შორის არსებულ პლატოზე, მამის დანატოვარ მიწაზე, სახლი აეშენებინა. თუმცა, როგორც კაცი სააგენტოს უყვება, მის ნაკვეთთან დამაკავშირებელი გზა მთის უკან გადიოდა და, შესაბამისად, სახლიდან შორს იყო.

მეჰმეთ დემირის სახლამდე მისასვლელი ხიდი. ფოტო: DHA

“ამის შემდეგ მეზობელს ველაპარაკე და გზის გაყვანა ვითხოვე… ჩემმა მეზობელმა არ დაუშვა, [ხსენებულ] გზას თავის კუთვნილ მიწაზე გაევლო. ვინაიდან ჩვენი რაიონი უსწორმასწოროა, ბევრ საკითხში პრაქტიკული გამოსავლის პოვნა გვმართებს. ვიფიქრე ალტერნატივებზე და ვიპოვე კიდეც გამოსავალი, ხიდის აშენების სახით”, — დასძენს მეჰმეთ დემირი.

როგორც DHA წერს, კაცმა 15 მეტრი სიმაღლისა და 60 მეტრი სიგრძის ხიდი მის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით ააგო.

მეჰმეთ დემირი თავის სახლამდე მისასვლელ ხიდზე. ფოტო: DHA

“ხიდის პროექტი თავად მოვამზადე და მთლიანად ჩემი სახსრებით ავაგე. 13 წელია, რაც სახლამდე ამ ხიდის მეშვეობით მივდივარ… სახლისთვის საჭირო სამშენებლო მასალებიც კი გადამაქვს ამ ხიდზე. [მისი] გამოყენებისა არ მეშინია. არაფერია საშიში, რადგან ორივე მხარეს დამცავი მოაჯირებია”, — ამბობს ის.

მეჰმეთ დემირის თქმით, კონსტრუქციის შესასვლელში კარიც დაამონტაჟა, რათა ბავშვებისა და ცხოველების უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ დადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი