ახალი ამბები

„დინამოს“ ყიდვის ინტერესი საქართველოდან არავის გამოუხატავს – რომან ფიფია

19 აგვისტო, 2022 •
„დინამოს“ ყიდვის ინტერესი საქართველოდან არავის გამოუხატავს – რომან ფიფია

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მფლობელი, ბიზნესმენი რომან ფიფია აცხადებს, რომ კლუბის შესყიდვის ინტერესი საქართველოდან არავის გამოუხატავს.

„მიმდინარეობს მხოლოდ მოლაპარაკებები… არის რამდენიმე გამოხატული ინტერესი, როგორც კლუბის მთლიანად გასხვისებასთან, ასევე პარტნიორობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს რომან ფიფია.

მისი თქმით, არ სურს, დაასახელოს ის უცხოელი პირები/კომპანიები და უცხო ქვეყნები, ვინც ინვესტიციის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ამბობს:

„ერთი, საკმაოდ დიდი კომპანია, – არ მინდა ეს ქვეყნები ჩამოვთვალო, – ერთი პრაქტიკულად არასასურველი ქვეყნიდან არის. რომელზეც არ მინდა ლაპარაკი“.

რაც შეეხება ქართველ შესაძლო ინვესტორებს, ფიფიას თანახმად, დღემდე არავის გამოუხატავს ინტერესი: „მათ შორის, არც იმ ხალხს, ვისაც შეუძლია დღეს დინამოში ჩადოს უფრო მეტი [ინვესტიცია] და გაიყვანოს დინამო განვითარების სხვა ეტაპზე… არც რომელიმე ბიზნესმენს“, – განაცხადა რომან ფიფიამ.

მისი თქმით, მან დაინახა, რომ ის სახსრები, რაც მას შეუძლია, „დინამოში“ დახარჯოს, არ არის საკმარისი და საჭიროა, კლუბი ისეთი ადამიანის ხელში გადავიდეს, რომელსაც საკმარისი ფინანსური სახსრები ექნება.

რომან ფიფიამ, – ბიზნესმენმა, რომელმაც ქონება რუსეთში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში დააგროვა, – „დინამო თბილისის“ 2011 წელს შეიძინა (მანამდე კლუბს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობდა).

ფიფიამ გადაწყვეტილება, რომ კლუბის გაყიდვას გეგმავდა, 2022 წლის ივლისში გამოაცხადა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი