როსტოვში უკრაინის თემაზე კამათის შემდეგ ტაქსის მძღოლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევა ორი თვის წინ მოხდა. 33 წლის კაცი, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო, 15 აგვისტოს დააკავეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ვერსიით, ბრალდებული ტაქსით მგზავრობდა, რა დროსაც უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით მძღოლთან შელაპარაკება მოუვიდა, შემდეგ კი ოფიცერმა 51 წლის კაცს ოთხჯერ ესროლა.
ტაქსის მძღოლი ექიმების მისვლამდე, ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი მკვლელობიდან ორი თვის შემდეგ, 15 აგვისტოს დააკავეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ დაკავებული სამხედრო კაპიტანი მოსკოვთან ახლოს, რუზას ბაზაზე მსახურობდა და რამდენიმე „ცხელ წერტილში“ იყო ნამყოფი.
„რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი გამოცემა წერს, რომ სამხედროს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წაუყენეს.