ახალი ამბები

“დევნა კრიტიკულობის გამო” – ნინო დოლიძე “ოცნების” მიერ ISFED-ის დაბლოკვაზე

18 აგვისტო, 2022 • 1294
“დევნა კრიტიკულობის გამო” – ნინო დოლიძე “ოცნების” მიერ ISFED-ის დაბლოკვაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ორგანიზაციის არმიწვევის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა კრიტიკული პოზიციის გამო.

დოლიძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ახლა ისტორიული მომენტია. საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო 12 რეკომენდაცია, რომელთაგან ერთ-ერთი საარჩევნო რეფორმის გაუმჯობესებაა და იმისათვის რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს და გატარდეს ძირეული რეფორმები, შეთავაზების შემდეგ  ISFED-მა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი გამოცდილება ამ პროცესის დასახმარებლად გამოეყენებინა:

„ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია ის ექსპერტიზა, რომელიც დაეხმარება ქვეყანას საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, „სამართლიანი არჩევნები“ არ იყოს ამ ჯგუფში, რაც ჩვენთვის აუხსნელია. ეს წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციის უფლების შეზღუდვას და დევნას იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის ხოლმე კრიტიკული.

ჩვენთვის არის ერთი ამოსავალი წერტილი, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამისათვის ბრძოლას, თუმცა პროცესს აზიანებს ის, რომ როდესაც იქმნება სამუშო ჯგუფი არჩევნებზე და პროფესიული ორგანიზაცია ვერ ხვდება იქ განსხვავებული აზრის გამო. ჩვენ გვგონია, რომ ეს აზიანებს პროცესს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზას.

ცხადია, ეს არის სამწუხარო იმიტომ, რომ მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და საუბარი იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი. გვგონია, რომ რეალურად ეს სამუშო ჯგუფი არ შექმნილა რეფორმაზე სრულყოფილად სამუშაოდ, არამედ შეიქმნა პროცესის გაჭიანურებისთვის. „სამართლიანი არჩევნები“ არასდროს ყოფილა არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარეს, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. თუ რომელიმე პარტია დაარღვევს კანონმდებლობას, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ“, – აცხადებს ნინო დოლიძე.

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნები”( ISFED) დაბლოკა.

“სამართლიანი არჩევნებია” ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი პროფილი სწორედ საარჩევნო საკითხებია.

თუმცა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის და  ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ISFED ნეიტრალური ორგანიზაცია არაა, რადგან ივნისში გამართულ აქციებზე, მისი წარმომადგენლები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

ამასთან, “სამართლიანი არჩევნები” არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საიასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ პარლამენტს აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი