ახალი ამბები

“ტვიტერზე” აქტივობის გამო საუდის არაბეთში ქალს 34 წელი მიუსაჯეს

18 აგვისტო, 2022 • 1145
“ტვიტერზე” აქტივობის გამო საუდის არაბეთში ქალს 34 წელი მიუსაჯეს

საუდის არაბეთის სასამართლომ “ტვიტერზე” გამოქვეყნებული კრიტიკული მასალების გამო 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ამავე ქვეყნის მოქალაქეს, 33 წლის სალმა ალ-შიჰაბს. დიდი ბრიტანეთის ლიდზის უნივერსიტეტის სტუდენტი თავის გვერდზე ხშირად წერდა და აზიარებდა პოსტებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

სალმა ალ-შიჰანი, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, 2021 წელს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სამშობლოში არდადეგების გასატარებლად დაბრუნდა. იმ დროისთვის მის “ტვიტერზე” უკვე იძებნებოდა პოსტები, რომლებიც შეიცავდა ცნობილი აქტივისტების, სასულიერო პირებისა და სხვა ადამიანების გათავისუფლებისკენ მოწოდებებს.

ალ-შიჰაბი ასევე კონცენტრირდებოდა პალესტინის საკითხსა და ქალთა უფლებებზე.

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის თანახმად, დაკავების შემდეგ ალ-შიჰაბს  პირველი ინსტანციის სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მიმდინარე კვირის ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ზომა 34 წლამდე გაზარდა. განაჩენი მოიცავს ქვეყნის დატოვების აკრძალვასაც, ასევე, 34 წლის ვადით, რომლის ათვლაც პატიმრობის სასჯელის მოხდის შემდეგ უნდა დაიწყოს.

The Guardian-ის მიხედვით, თავდაპირველად ალ-შიჰაბს ედავებოდნენ ინტერნეტ საიტის გამოყენებას “საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევისა და სამოქალაქო/ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაციის” მიზნით. ახალი ბრალდებები მოიცავს ასეთივე მიზნების მქონე ადამიანების “დახმარებას” მათი “ტვიტერის” ანგარიშების გამოწერისა და იქ გამოქვეყნებული პოსტების გაზიარების გზით.

ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით, ალ-შიჰაბს” ზემოხსენებულ სოციალურ ქსლეში “ყალბი ჭორების” გავრცელებასაც ედავებიან. მათივე ცნობით, ესაა “ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა, რომელიც ოდესმე მიუსჯიათ მშვიდობიანი აქტივისტისთვის” საუდის არაბეთში, რომლის დე ფაქტო მმართველად მიჩნეულ მემკვიდრე პრინცს, მუჰამად ბინ-სალმანს, მრავალგზის აკრიტიკებენ დისიდენტთა დევნისთვის.

სალმა ალ-შიჰაბი, რომელიც საუდის არაბეთის შიიტური უმცირესობის წარმომადგენელია, არც ცნობადობით გამოირჩევა და არც — განსაკუთრებული აქტიურობით.

“ტვიტერზე” მის ანგარიშს  2 700 გამომწერი ჰყავს, “ინსტაგრამზე” კი — 160-მდე. სოციალურ მედიაში საკუთარ თავს მოიხსენიებს სტომატოლოგიური ჰიგიენის სპეციალისტად, მედიცინის პედაგოგად, ლიდზის უნივერსიტეტის დოქტორანტად, საუდის არაბეთის პრინცესა ნურა ბინთ აბდულრაჰმანის უნივერსიტეტის რექტორად, მეუღლედ და ორი შვილის დედად.

“თავისუფლება სინდისის პატიმრებსა და ყველა ჩაგრულს მსოფლიოში” — ვკითხულობთ ტექსტში, რომელიც ალ-შიჰაბის “ტვიტერზე” პირველ პოსტად არის მიმაგრებული.

The Guardian ხაზს უსვამს ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საუდურმა კომპანიამ “Kingdom Holding”, რომელსაც “ტვიტერის” ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, მილიარდერი პრინცი ალ-ვალიდ ბინ ტალალი მართავს, თავისი აქციების 17%  საუდის არაბეთის “საჯარო საინვესტიციო ფონდს” მიჰყიდა. “Kingdom Holding” “ტვიტერის” 5%-ს ფლობს, ზემოხსენებულ ფონდს კი მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი ხელმძღვანელობს.

“ეს, თავის მხრივ, საუდის არაბეთის მთავრობას მნიშვნელოვან არაპირდაპირ ინვესტორად აქცევს Twitter-ში”, — წერს გამოცემა. თავად Twitter აცხადებს, რომ ინვესტორები არ თამაშობენ როლს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.

ამასთან, საერთაშორისო მედიაში ისმის კითხვაც, რატომ ფლობს “ტვიტერზე” ვერიფიცირებულ ანგარიშს ბინ სალმანის მრჩეველი ბადრ ალ-ასაქირი, რომელსაც აშშ-ის გამოძიება “ტვიტერის” თანამშრომელთა მოსყიდვაში ადანაშაულებს საუდის არაბეთის ხელისუფლების ოპონენტების იდენტიფიცირების სანაცვლოდ.

სალმა ალ-შიჰაბის დაპატიმრებამდე რამდენიმე კვირით ადრე საუდის არაბეთში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე, უფლებადამცველებმა ბაიდენის ეს ვიზიტი არაერთგზის გააკრიტიკეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ალ-შიჰაბის საქმეს “სწავლობს”. უწყების სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, არ შეიძლება, ქალთა უფლებების დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა ისჯებოდეს.

მედიის კითხვას, გაათამამა თუ არა საუდის არაბეთი აშშ-ის ბოლო პერიოდის ჩართულობამ ქვეყანასთან, პრაისმა უპასუხა:

“ჩვენმა ჩართულობამ… ცხადყო, რომ… ადამიანის უფლებები არის ცენტრალური საკითხი ჩვენს დღის წესრიგში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი