ახალი ამბები

“რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს ტურისტული გადასახადი” – “დროას” ხედვა

16 აგვისტო, 2022 •
“რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს ტურისტული გადასახადი” – “დროას” ხედვა

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოდინების შესახებ თავისი პარტიის ხედვა წარადგინა.

ხოშტარიას თქმით, ვინაიდან საქართველო არ არის მასობრივი ტურიზმის ქვეყანა, ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას და ნიშური ტურიზმის განვითარებას, ხოლო რუსი ტურისტისთვის მისაღები ტურისტული ინფრასტურქტურა და პროდუქტები მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე, აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისათვის.

გარდა ამისა, ხოშტარია ამბობს, რომ საფრთხეს წარმადგენს ტურიზმის ინდუსტრიის რუსეთზე დამოკიდებულება.

„2019 წლის ივნისში, რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო გამოსვლების გამო, ვლადიმერ პუტინმა 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. განკარგულებაში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა იყო“, – აცხადებს ხოშტარია.

მისი თქმით, ეკონომიკის ყველა სექტორს კრემლი იყენებს იმპერიალისტური მიზნების შესასრულებლად, საქართველოს კი აქვს რუსეთის მხრიდან ღვინისა და ენერგეტიკული ემბარგოს მძიმე გამოცდილება და, ცხადია, რომ კრემლი აუცილებლად გამოიყენებს ტურიზმის ინდუსტრიის მასზე დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის წინააღმდეგ ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის, ან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პარალელურად.

ხოშტარიას განცხადებით, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დასუსტების ფონზეც.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ოცნებას რუსეთის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია. ამ ფონზე ცხადია, რომ ტურისტული საფარით ჩვენს ქვეყანაში რუსეთის უამრავი აგენტი და პროვოკატორი შემოდის. შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალების ქიმიური იარაღით მოწამვლის ავტორები, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები: რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრე პეტროვი, ბრიტანეთში სწორედ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ომის ცხელი ფაზის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 31 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში წარმოადგინა ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც „მედვედევის დოქტრინის“ სახელითაა ცნობილი. დოქტრინის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ: „რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვა ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური პრიორიტეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

მარტივად გამოსაცნობია, როგორ შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენოს რუსეთის მოქალაქეების „ღირსების“ დაცვის არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ამ ვითარებიდან გამოსავლად ასახელებს: რუსეთის მოქალაქეებისათვის სამკვირიანი ტურისტული ვიზების შემოღებას, სასაზღვრო კონტროლს, რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირების აღრიცხვასა და მონიტორინგს, მათი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას. მისი თქმით, ეს შესაძლებელს გახდის რუსეთიდან მხოლოდ მიზნობრივი სეგმენტის შემოშვებას, რუსეთის მოქალაქეების კონტროლს ქვეყნის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას აზრით, უნდა შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაცია, რადგან, მისი თქმით, ტურისტული მიზნით შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში.

„თუმცა, არსებული გამოცდილებით, ისინი კომპანიებს არეგისტრირებენ. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის იურიდიული პირების რეგისტრაცია, რაც ხელს არ უშლის ტურიზმს, მაგრამ იცავს ქვეყანას რუსული ფინანსების უკონტროლო შემოდინებისაგან“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ასევე უნდა შეიზღუდოს კერძო საკუთრების რეგისტრაცია, რადგან ტურისტული მიზნით შემოსულ პირებს არ ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვა.

„ამიტომ, აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს უძრავი ქონების რეგისტრაცია რუსეთის მოქალაქეებზე, რაც არავითარ კავშირში არ არის ტურიზმის ინდუსტრიასთან“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბინადრობის უფლებაც შეეზღუდოთ და საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე. რაც, მისი თქმით, დააზღვევს რუსეთის მოქალაქეების უვადო ან ხანგრძლივი ვადით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის რისკს და ამასთან, არ შეამცირებს ტურისტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს.

გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს ტურისტული გადასახადი. კერძოდ:

  • რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო პასპორტისა და რუსეთის შიდა პასპორტის (პირადობის მოწმობის) შემოწმების საფუძველზე საზღვარზე დაეკისროს გადასახადი 20 ლარის ოდენობით, თუკი რუსეთის შიდა პასპორტი არ აღმოჩნდა რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების სამსახურის შიდა პასპორტი (გარდა 18 წლამდე ბავშვებისა, რომელთა შემთხვევაშიც გადასახადის დაკისრება მოხდება მხოლოდ საერთაშორისო პასპორტის საფუძველზე);
  • თუკი შემოსვლის მსურველ პირს პასპორტთან ერთად რუსეთის შიდა პასპორტის სახით თან აქვს რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, აღნიშნულ პირს და თითოეულ მის თანმხლებ პირს დაეკისროს გადასახადი 100 ლარის ოდენობით, თუკი მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება საერთოდ მიეცემათ. თანმხლებ პირად ჩაითვლება ოჯახის წევრი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებაში მასთან ერთად მყოფი მგზავრი;
  • თითოეულ რუსული ნომრის სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც არ ეწევა სავაჭრო ტვირთების გადაზიდვას, დაუწესდეს გადასახადი 50 ლარის ოდენობით;
  • რუსული საბიუჯეტო სტრუქტურების თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასეთად ამოცნობის შემთხვევაში და მათი საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, დაუწესდეს გადასახადი 200 ლარის ოდენობით;
  • ბათუმსა და აჭარის საზღვაო დასახლებებში გადაადგილებისა და პარკირების უფლებისთვის რუსული სანომრე ნიშნის ავტომანქანამ უნდა შეიძინოს სპეციალური საშვი, რომლის შეძენაც შესაძლებელი უნდა იყოს მაღაზიებსა და ავტომატური გადახდის აპარატებში. დაწესდეს, მაგალითად, ერთდღიანი, სამდღიანი, ერთკვირიანი და ორკვირიანი საშვები. ერთდღიანი საშვი – 10 ლარი, სამდღიანი საშვი – 30 ლარი, ერთკვირიანი საშვი – 50 ლარი, ორკვირიანი საშვი – 100 ლარი. საპატრულო პოლიციას დაევალოს საშვების შემოწმება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ჯარიმამ უნდა შეადგინოს 150 ლარი;
  • შემოსული თანხა გადაირიცხოს „სახელმწიფო ფონდში,“ რომლის შემოსავლებიც იქნება გამჭვირვალე და რომელიც ყოველთვიურად თანაბრად გაუნაწილდებათ შემდეგ პირებს: აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომის ვეტერანებს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ინდივიდუალურად ან ოჯახის ერთ წარმომადგენელს ოჯახში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირთა სულადობის მიხედვით; საქართველოში 2022 წლის 23 თებერვლის შემდგომ (24 თებერვლის დღიდან) შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ საარსებოდ იღებენ თანხას, ფართს ან სხვა სახის შემოწირულებასა თუ მომსახურებას ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური ორგანიზაციის ან საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი