თბილისის მერისა და მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანახმად, 1 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის გამოსაყენებლად ცალკე ბარათი აუცილებელი აღარ იქნება და მომხმარებლებს აბონემენტის მიბმა საბანკო ბარათებზე შეეძლებათ.
მერმა კახა კალაძემ და ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა 16 აგვისტოს ფეისბუკ-ლაივში თქვეს, რომ პირველი სექტემბრიდან პლასტიკურ საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ვადიანი აბონემენტის მიბმა. შესაბამისად, „ცალკე ბარათი აღარ დასჭირდება მომხმარებელს“.
მერის ინფორმაციითვე, ჯერჯერობით ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია ორი ყველაზე დიდ ბანკთან, „საქართველოს ბანკთან“ და „თიბისისთან“, თუმცა, თუკი სხვებიც მოისურვებენ, პროექტში ჩართვას ისინიც მოახერხებენ.
„იმ ადამიანებს, რომლებსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, აბონემენტის უკვე საბანკო ბარათზე მიბმა შეეძლებათ“, – ამბობს კალაძე.