„მედიაომბუდსმენის“ განცხადებით, უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების („კრებსების“) საქმეში ფიგურანტი 41 ჟურნალისტიდან პროკურატურამ ჯერ მხოლოდ 23 ცნო დაზარალებულად.
ორგანიზაციის თანახმად, ჯამში, 41 ჟურნალისტი მოსმენების მსხვერპლი აღმოჩნდნენ სხვადასხვა გავლენის და სარედაქციო პოლიტიკის 14 მედიასაშუალებაში მუშაობის პროცესში.
ეს მედიასაშუალებებია:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი,
- საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
- რადიო თავისუფლება,
- მთის ამბები,
- ონლაინგამოცემა გაზეთი ბათუმელები/ნეტგაზეთი,
- ონლაინგამოცემა პუბლიკა,
- ონლაინგამოცემა ტაბულა,
- ტელეკომპანია კავკასია,
- ტელეკომპანია ფორმულა,
- ტელეკომპანია პირველი,
- პალიტრა NEWS,
- რადიო პალიტრა,
- On.ge
- რადიო ფორტუნა
საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.
ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.
12 აგვისტოს განცხადებაში „მედიაომბუდსმენი“ წერს, რომ დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში კიდევ 11 ჟურნალისტის საქმის ახალი მასალები უკვე წარედგინა უწყებას.
სია ამ 11 ჟურნალისტისა ასეთია:
1. ნინო ზაუტაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებელი
2. თეონა ხარაბაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
3. ნინო თარხნიშვილი – რადიო თავისუფლება
4. თორნიკე მანდარია – რადიო თავისუფლება
5. ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლება
6. მერაბ მეტრეველი – პალიტრა NEWS
7. თინათინ ოსმანოვა – რადიო პალიტრა
8. ანა წერეთელი – ტელეკომპანია პირველი
9. მაკა ჩიხლაძე – ტელეკომპანია პირველი
10. ლიკა ჯანყარაშვილი – ტელეკომპანია პირველი
11. ნიკა თევდორაძე- ტელეკომპანია ფორმულა
2022 წლის 12 ივლისს „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა.
მომჩივან ჟურნალისტებს შორის არიან: ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო ბიძინაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები — გიორგი მგელაძე და გელა ბოჩიკაშვილი, ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტები — ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები — ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი.