ახალი ამბები

მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება სასურველია

23 აპრილი, 2010 • 1334
მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება სასურველია

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველო უნდა ისწრაფოდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის „ნატო“-ს წევრობისკენ, კიდევ უფრო მეტს (82.8 პროცენტს) სასურველად მიაჩნია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

კვლევა ასახავს 2009 წელს  საქართველოს მოსახლეობის განწყობებს და მისი პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

კვლევის მიხედვით ნატო-ში გაერთიანებასთან მიმართებაში გამკვეთილია ასაკობრივი განსხვავება. Gგაწევრიანების მომხრეთა წილი კლებულობს ასაკთან ერთად. კვლევის ავტორებმა რესპონდენტები 4 ასაკობრივ კატოგორიად დაყვეს.  ახალგაზრდების (18-24 ) 73.6 % -ს მიაჩნია რომ საქართველო უნდა ისწრაფვოდეს ”ნატო”-ში ინტეგრაციისკენ. შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში მონაცემი ასე ნაწილდება:  69.2% – 25-44,  60.6 პროცენტი 45-64, და 57.9 პროცენტი -65 და ზემოთ.

რუსეთსა და ამერიკას შორის ქვეყნის სასურველი ორიენტაციიდან უმრავლესობა (54.1 პროცენტი) ა.შ.შ.-ს ირჩევს.  ამ შმთხვევაშიც ამერიკაზე ორიენტაციის მომხრეთა წილი კლებულობს ასაკთან ერთად.

ა.შ.შ.-ს მხარდაჭერა გამოკითხულებს შორის უფრო მეტად არის აღქმული, როგორც ხელისუფლების  (48.6 პროცენტს) და ნაკლებად, როგორც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ  გამოხატული მხარდაჭერა (25.9 პროცენტი).  0.6 პროცენტი მიიჩნევს რომ ამერიკა მხარს უჭერს ოპოზიციას, ხოლო 20.0 პროცენტს არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია.

ქვეყნები და გაერთიანებები, ვისი იმედიც შეიძლება ქონდეს საქართველოს
ქვეყნები და გაერთიანებები, ვისი იმედიც შეიძლება ქონდეს საქართველოს

გამოკითხვაში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, ავტორების შეფასებით აისახა მოსახლეობის უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. მათდამი ნდობა ასაკთან ერთად მცირდება. ხალხი ყველაზე მეტად ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას ენდობა. მოსახლეობის ძირითად საზრუნავს სიღარიბე, უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, მრავალი ოჯახი მისი სამუშაოდ წასული წევრის გზავნილებით ირჩენს თავს. მცირეა ოპტიმიზმი უახლოეს წლებში 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის საკუთარ სოფლებში დაბრუნების მიმართ, თუმცა მოსახლეობა თითქმის ერთსულოვნად წინააღმდეგია მათ დასაბრუნებლად  ძალის გამოყენების. კონფლიქტის მოგვარების ეფექტურ გზად ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაა მიჩნეული.

საქართველოს მოსახლეობის  გამოკითხვის ”ბარომეტრი 2009” საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭეროთ გააკეთა.

გამოკითხვა ჩატარდა 2009 წლის 30 ნოემბერიდან 14 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარასა და თბილისში.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოყენებილი იყო იერარქიული შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1,100-მა რესპონდენტმა. რესპონდენტების განაწილება შეესატყვისებოდა  საქართველოს მოსახლეობის განაწილებას ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ტიპის მიხედვით.

ყველა ინტერვიუ აღებული იყო პირისპირ, რესპონდენტის სახლში. წინასწარ შერჩეულ დასახლებულ პუნქტებში გამოკითხვა იწყებოდა გამოკითხვის ორგანიზატორების მიერ მითითებული საწყისი წერტილიდან, ინტერვიუერები შედიოდნენ ყოველ მეხუთე სახლში.

 ამავე თემაზე:

მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები

მასალების გადაბეჭდვის წესი