ახალი ამბები

ვიზის ახალი ფორმა აშშ -ში წასვლის მსურველთათვის

22 აპრილი, 2010 • 4599
ვიზის ახალი ფორმა აშშ -ში წასვლის მსურველთათვის

30 აპრილიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველებს ვიზის მისაღებად სამი ანკეტის ნაცვლად ერთის შევსება მოუწევთ. ელექტრონული ანკეტა DS-160 მხოლოდ არასაემიგრაციო ფორმებს ანაცვლებს. ელექტრონული ანკეტა DS-160 -ის გამოყენება ორი წლის წინ, მექსიკაში დაიწყეს და ახალი ფორმა ეტაპობრივად მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებს.  

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულოს უფროსმა, პატრიკ უინგეითმა ელექტრონული ანკეტა DS-160 ბათუმში სტუდენტებსა და საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გააცნო. ახალი ფორმა ჩაანაცვლებს DS-156, DS-157- სა და DS-158. ელექტრონული ფორმა, რომელიც 30 აპრილიდან შევა ძალაში შემდეგ მისამართზე იქნება  ხელმისაწვდომი: https://ceac.state.gov/genniv

პატრიკ უინგეითმა სტუდენტებისა და მედიის შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, ეს ცვლილება მხოლოდ ვიზის გაცემის პროცუდურას დააჩქარებს და ანკეტების ხელით შევსება და  რამდენიმეთვიანი ლოდინი გასაუბრების ფანჯარასთან მისვლამდე საჭირო აღარ იქნება. 

სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველებს  სწორედ ამ ფანჯარასთან ექმნებათ, რაზეც კონსულმა უპასუხა, რომ გასაუბრების ფანჯარასთან პრობლემა ყველას არა აქვს: „ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ძალიან ძნელია, მაგალითად, სტუდენტებზე ვიზების გაცემა, რადგან ისინი არ არიან ჯერ ისეთ ასაკში, რომ დამოუკიდებლად თავის რჩენა შეძლონ, მაგრამ არც ისეთი პატარები არიან. ისინი ხშირად განიხილებიან, როგორც პოტენციური ემიგრანტები.

როცა ადამიანი გასაუბრების ფანჯარასთან მიდის, ჩვენ კანონი გვეუბნება: ეს არის ადამიანი, რომელიც ამერიკაში აპირებს დარჩენას. გასაუბრება ყველას  აძლევს საშუალებას საწინააღმდეგო დაამტკიცოს. ბოლო ათი თვეა, გასაუბრების შემდეგ მოქალაქეს ვეკითხებით, ხომ არ სურს დამატებით რაიმეს თქმა, ინფორმაციის მოწოდება, მას ეძლევა ამის საშუალება“.

კონსულის თქმით ა.შ.შ-ს საელჩოს საქართველოში დაახლოებით ცხრა ათასამდე ადამიანი მიმართავს და გასული წლის მონაცემებით, აქედან 34,7 პროცენტმა მიიღო უარი ვიზაზე.

კითხვაზე, როგორია ბოლო წლების მონაცემები, საშუალოდ რამდენი საქართველოს მოქალაქე რჩება ამერიკის სეერთებულ შტატებში არალეგალურად, კონსული ამბობს, რომ ზუსტი მონაცემები ამის შესახებ არა აქვს, თუმცა მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო წლებში შტატებში გაცილებით უფრო ცოტა საქართველოს მოქალაქე რჩება არალეგალურად და ამის მიზეზი ვიზების გაცემის გამკაცრებაა.

პატრიკ უინგეითი
პატრიკ უინგეითი

მასალების გადაბეჭდვის წესი