საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით უწყებამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
შსს-ის განცხადებით, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოხდა, და ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.
დღეს, 6 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში ორ ადამიანს სავარაუდოდ სექსი ჰქონდა.