ახალი ამბები

ომბუდსმენი: არ მესმის, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება

5 აგვისტო, 2022 • 1037
ომბუდსმენი: არ მესმის, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აფასებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას და ამბობს, რომ მისთვის გასაკვირია, თუ რატომ იწვევს ხელისუფლების გაკვირვებას ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეების მიმართ სიყვარულს არ გამოხატავენ.

ლომჯარია კობახიძის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ომბუდსმენი გმობს აგრესიას და კანონის საწინააღმდეგო ქმედებებს განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ აქვს:

„ქსენოფობია არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს, აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა, გამოეხმაურება და დაგმობს, თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს ასეთი პრობლემა. თუ კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მომართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ეს საქმე. ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები და ნამდვილად ვერ დავადასტურებ.

ჩვენ არ მოგვრიდებია არასოდეს არცერთ არაპოპულარულ თემაზე განცხადებების გაკეთება. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის, თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

როდესაც დღეს რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს, მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათ სახელმწიფო, მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ.

ამიტომ, ეს ძალიან ბუნებრივია. შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა და ბუნებრივია ის უკმაყოფილება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს უკანონო ფორმებში და სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას“ ,- ამბობს ნინო ლომჯარია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 აგვისტოს, ქსენოფობიაში დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიების, კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“, მისი სატელიტ პარტიებს, მათ კუთვნილ მედიასაშაულებებს, მათთან დაკავშირებულ კომერციული სუბიექტებსა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ NGO-ს მარტის დასაწყისში „გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“ და ახლა იგივე შემადგენლობა ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღის აგორებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი