„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თხოვნა დასავლელი პარტნიორების მიმართ იმ პერსონებთან გამიჯვნაა, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში არეულობის დაწყებას და ტემპერატურის აწევას ცდილობენ.
როგორც ხელაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში ამბობს, რომ ასეთი პერსონები არიან პოლიტიკასა და მედიაში, ასევე, სამოქალაქო სექტორში და მათ შორის ასახელებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, ზურა ჯაფარიძეს და TI-ის ხელმძღვანელ ეკა გიგაურს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ დასავლელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა ამ ადამიანებს „კვებავს“ და საკუთარ თავში „ლეგიტიმაცია ექმნებათ“:
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში არის პოლარიზაცია, ეს მართლაც ასეა. რა კვებავს პოლარიზაციას? კვებავს ის, რომ პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოში არეულობის დაწყებას, ტემპერატურის აწევას, იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი დიპლომატის მხრიდან არ ხდება ამ ადამიანებთან გამიჯვნა, ამ ადამიანებთან თანამშრომლობა გრძელდება.
ეს არის სწორედ ის, რაც კვებას ამ ადამიანების თავდაჯერებას, ეს იქნება ხოშტარია, გიგაური, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე პოლიტიკოსად გვევლინება და არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. და კიდევ არის რამდენიმე ასეთი ადამიანი, იგივე გირჩი ჯაფარიძე, ლელოს წარმომადგენლები, რომლებმაც დატოვეს პარლამენტი“, – ამბობს გიორგი ხელაშვილი.
დეპუტატის თქმით, სწორედ ეს იწვევს მმართველი პარტიის უკმაყოფილებას და დასავლეთთან მათი თხოვნა არის ამ ადამიანებთან გამიჯვნა. ხელაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარად აღნიშნულ პირებს „გადაეკეტებათ ვითარების გამწვავების მცდელობები“:
„საუბარია ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც ამ ადამიანებს შთააგონებს, რომ მათ შეუძლიათ განაგრძონ საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელი რიტორიკა, გააღვივონ დაპირისპირება, დათესონ შუღლი და ჩვენ რასაც ვთხოვთ მათ და იწვევს ჩვენს უკმაყოფილებას, ეს ყველაზე უფრო მეტად სიმწვავის შემომტანი ელემენტები ძალიან ხშირად სრულიად თავს ისე გრძნობენ, მათ დასავლეთთან ჯერ კიდევ აქვთ კომუნიკაცია. ჩვენი თხოვნა დასავლელი პარტნიორების მიმართ არის, რომ გაემიჯნოს, გადაიკეტოს საქართველოში ამ ადამიანების მხრიდან ვითარების გამწვავების მცდელობები.
სანამ გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან თანამშრომლობა ამ რადიკალურ ელემენტებთან, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება. როდესაც ქვეყანაში პოლარიზაცია გრძელდება და დასავლელი დიპლომატები თუ პოლიტიკოსები გვიტრიალდებიან, “რატომ არის საქართველოში პოლარიზება”, ბუნებრივია, მათ ვუბრუნებთ პასუხს, რომ “პოლარიზება სწორედ იმის გამოა, რომ ეს ადამიანები იკვებებიან თქვენთან ურთიერთობით, რითაც მათ თავის თავში ექმნებათ ლეგიტიმაცია, რომ მათ შეუძლიათ ქცევა ისე, როგორც იქცევიან“, – ამბობს გიორგი ხელაშვილი.
ხელაშვილის თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ მესამე წელია ქვეყანაში სსამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს:
„ჩვენ ვიცით, საიდან მოდის ომის საფრთხე, ეს არის რუსეთიდან. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა არა პირდაპირ, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოშია და ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აქ სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს უკვე სამი წელია. აქ სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ავტომატურად ჩართულები აღმოვჩნდებით. ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ძალებს და ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ჟანგბადი გადაეკეტოთ რადიკალებს საქართველოში”, – ამბობს გიორგი ხელაშვილი.