„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ განცხადებით, საქართველოში შეფუთული ცემენტის 65% კვლავ ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და დაბალი ხარისხის ცემენტს ყიდის.
„საქართველოს ცემენტის ასოციაცია“ 2017 წლიდან პერმანენტულად ამოწმებს ცემენტის ნიმუშებს. ჯამში, ორგანიზაციის განცხადებით, შემოწმებულია ცემენტის 400-მდე ნიმუში.
ორგანიზაციის თანახმად, ცემრნტის დაახლოებით ერთი მესამედი (კერძო კი 35%) აკმაყოფილებს ან აჭარბებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს (EN197-1 და EN413).
„საგანგაშოა, რომ სამოცდახუთმა პროცენტმა (65%) ვერ დააკმაყოფილა EN სტანდარტის მოთხოვნები – რაც დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ მომხმარებლები ჯერ კიდევ მოტყუებული რჩებიან როგორც სამშენებლო უსაფრთხოების, ისე ფასის თვალსაზრისით“, – აცხადებს ასოციაცია.
ასოციაციის თანახმად, ცემენტის ნიმუშები მოწმდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების ლაბორატორიებში.
- „მე-12 ფარული ტესტირების შედეგად, 20 ნიმუშიდან, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტის მოთხოვნები, თხუთმეტი (75%) წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით.
- მათ შორის ექვსმა აჩვენა კრიტიკულად დაბალი, 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა);
- 12 ნიმუშიდან ხუთი (42%) წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, ხოლო 4 -ადგილობრივი მწარმოებლის მიერ ადგილობრივი კლინკერის ბაზაზე“, – ამბობენ ასოციაციაში.
„ცემენტის ასოციაციის“ განცხადებით, ეს მიანიშნებს, რომ მომხმარებლები დაბალი ხარისხის ცემენტში იხდიან უფრო მეტს:
- ხარისხიანი შეფუთული ცემენტის ფასი — 14.16 ₾/ტომარა
- ცემენტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს — 11.15 ₾.
- კრიტიკულად დაბალი ხარისხის ცემენტის ფასი — 11.17 ₾.
- საშუალოდ, მომხმარებელმა თითო უხარისხო ტომარაზე დაზოგა 22%, თუმცა, საშუალოდ 50%- ით ნაკლიებხარისხიანი პრდუქტი მიიღო“.
ორგანიზაციის ცნობით, მე-12 ფარული ტესტირებისთვის შეფუთული ცემენტის ტომრები შეიძინეს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და აგარაში.
შემოწმებული 32 ნიმუშიდან ოცდაოთხი (24) წარმოებულია თორმეტი (12) ადგილობრივი კომპანიის მიერ, რვა (8) კი – ოთხი (4) თურქული კომპანიის მიერ.
ერთი (1) ნიმუშის მწარმოებელი უცნობია, რადგან მათ ტომარაზე მწარმოებელზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
- შემოწმებული 32 ნიმუშიდან თორმეტმა (38%) დააკმაყოფილა EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნა
- მათგან 5 ადგილობრივი მწარმოებელი (9 ნიმუში);
- 2 თურქული წარმოების (3 ნიმუში).
- 20 ნიმუშიდან ნახევარმა აჩვენა დაბალი, 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<20 მპა), ხოლო 6-მა (30%)- კრიტიკულად დაბალი 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა).
„2022 წლის შედეგები კვლავ ადასტურებს შემაშფოთებელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სეზონის პიკის პირობებში ბაზარზე ხელმისაწვდომია უვარგისი და კრიტიკულად დაბალი ხარისხის შეფუთული ცემენტი, გაზრდილი ოდენობით“, – წერს ასოციაცია.
ასოციაცია კომპანიებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ინფორმაცია გაეგზავნებათ პასუხისმგებელ უწყებებს მათი მოთხოვნის საფუძველზე.
ცემენტის ასოციაციაში სხვადასხვა კომპანია შედის, მათ შორის, „ჰაიდელბერგ ცემენტი“.