ახალი ამბები

პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის საქმე: საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა

3 აგვისტო, 2022 •
პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის საქმე: საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ევროპულ სასამართლოში არასათანადო მოპყრობის საქმე წარადგინა. საუბარია 2019 წელს გურჯაანის რაიონში პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობასა და აღნიშნულის შედეგად მოქალაქე ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით დაცული უფლებების დარღვევა იკვეთება.

როგორც “საია” აღნიშნავს მედიაში გავრცელებულ ცნობებსა გარდაცვლილის ოჯახის წევრების მონაყოლზე დაყრდნობით, 2019 წლის 22 მარტს, ოჯახში შეკამათების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები მათთან სახლში მივიდნენ.

გარდაცვლილის დის განმარტებით, ოთახში შესვლისთანავე, პოლიციის თანამშრომლები მთავრიშვილს უხეშად მიმართავდნენ. კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სახლში დაბრუნებისას ზვიად მთავრიშვილი უჩიოდა თავის ტკივილს და აცხადებდა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში მიაყენეს დაზიანებები.

მეორე დღეს მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა: მას ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდა. პირველ აპრილს გურჯაანის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაუსვეს დიაგნოზი — ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა და კომა.

აღნიშნულის შემდეგ ზვიად მთავრიშვილი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, სადაც 2019 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა. კომაში ჩავარდნამდე მან მეზობლებსა და ნათესავებსაც უამბო არასათანადო მოპყრობის შესახებ.

თავის მხრივ, შსს აცხადებდა, რომ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდებოდა.

“საიას” განცხადებით, კახეთის საოლქო პროკურატურა საქმეს იძიებს სსკ-ის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. ორგანიზაცია აღნიშნულს არ ეთანხმება.

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ მთავრიშვილის მიმართ ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც, შედეგად, ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

ცხადია, დანაშაულის ეს შემადგენლობა, თავისი არსით, უფრო მძიმეა, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია დასძენს, რომ მიუხედავად გამოძიების ნაკლოვანებებისა, დღემდე უმეტესწილად უპასუხოდ რჩება უფლებადამცველთა განცხადებები, ხოლო, რიგ შემთხვევებში, მათზე პასუხი შაბლონურია და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას:

“დამატებით, აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება”.

“საიას” თქმით, ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში არა მხოლოდ იმას ასაბუთებს, რომ სახელმწიფომ დაარღვია ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება, არამედ იმასაც, რომ მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ქმედებების პირდაპირი შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი