ახალი ამბები

ივანიშვილის პოლიტიკა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება – არახამია

2 აგვისტო, 2022 •
ივანიშვილის პოლიტიკა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება – არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომელშიც საუბარია, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია „რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა გაერთიანდნენ“.

არახამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომლის პოლიტიკაც მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე საქართველო იქნება. ამის შესახებ მან „ტელეგრამზე“ დაწერა.

როგორც არახამია მედვედევის გვერდზე გავრცელებული განცხადების კომენტირებისას ამბობს, საქართველოსთან დაკავშირებით თავის გეგმებს მოსკოვში უკვე აღარ მალავენ.

„როგორც ვთქვი, რუსებთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას. ამის დანახვა უკვე ბელორუსის მაგალითზე შეგვიძლია. საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს. მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით, და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ.

ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში წასასვლელად და არა რუსი აგრესორის კლანჭებში აღმოსაჩენად“, – წერს არახამია „ტელეგრამზე“.


გუშინ, პირველ აგვისტოს, ღამით Vkontakte-ში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი იმის შესახებ, რომ რუსეთი „აღადგენს თავის საზღვრებს, რომელიც არსად მთავრდება“.

მედვედევის თანახმად, რუსეთთან შეერთებამდე საქართველო საერთოდ არ არსებობდა, 1801 წელს დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან შედგებოდა. მედვედევი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია „უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. პოსტში საუბარია ყაზახეთზეც, რომელიც მოხსენიებულია „ხელოვნურ სახელმწიფოდ“, სადაც „წესრიგი არ იქნება, სანამ იქ რუსები არ მივლენ“.

მოგვიანებით პოსტი წაიშალა. მედვედევის აპარატში კი ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გვერდი გატეხეს და ამ სოციალურ ქსელში მედვედევის ბოლო პოსტი 31 ივლისს საზღვაო ძალების დღის მილოცვას ეძღვნებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი