ახალი ამბები

კობახიძე: ენმ-ის ფორმალურმა თავმჯდომარემ სააკაშვილის ადვოკატების ტაქტიკა გათქვა

1 აგვისტო, 2022 •
კობახიძე: ენმ-ის ფორმალურმა თავმჯდომარემ სააკაშვილის ადვოკატების ტაქტიკა გათქვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას უწოდებს ენმ-ის ფორმალურ თავმჯდომარეს და აცხადებს, რომ მელიამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ტაქტიკა გათქვა:

„ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე, არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან.

საინტერესო არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის შიგნით” ,- ამბობს კობახიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები — ვალერი გელბახიანი და შალვა ხაჭაპურიძე — აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის, ენმ-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ. ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს თქვა, რომ სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად და მისი მთავარი ამოცანაა, ჯანმრთელობას მიხედოს.

„მიშა სააკაშვილი რკინა არ არის. ადამიანია, ავადაა და შველა უნდა. ახლა ყველა ყურადღება ამაზე უნდა გადავიდეს. პოლიტიკის გარეშე ვისაც უნდა, რომ მიშა გადარჩეს, ყველამ იაქტიუროს“, — თქვა გელბახიანმა. ეს ინფორმაცია დაადასტურა გუშინ, 31 ივლისს სააკაშვილის საქმეში კიდევ ერთმა ახლად ჩართულმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ, 31 ივლისს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამაც გააკეთა. მისი აზრით, განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა.

„ადვოკატებს აქვთ დაცვის თავისი სტრატეგია. მათ ჩემზე უკეთ იციან, რას რატომ საუბრობენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, რომელიც პარტიის განუყოფელი ნაწილია, ბუნებრივია, მუდმივად იქნება ამ პარტიასთან ერთად. ვინმეს უნდა თუ არ უნდა, სააკაშვილი იქნება პოლიტიკის განმსაზღვრელი. ახლა „ვივამედის“ კლინიკაში რომ არის, რა, პოლიტიკაში არ არის?“ — განაცხადა მელიამ 31 ივლისს „ტვ პირველთან“ საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი