ახალი ამბები

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 8 პირს წარუდგინეს ბრალი

30 ივლისი, 2022 •
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 8 პირს წარუდგინეს ბრალი

პროკურატურა იუწყება, რომ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 8 პირს წაუყენეს ბრალი.

უფრო ზუსტად, უწყების განცხადებით, პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მუხლით ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს წარუდგინა ბრალდება.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • 28 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა.
  • დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა (ინიციალებით დ.ჯ.) 20 წლის მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა.
  • მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
  • გამოძიების განცხადებითვე, ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის გარდა ხულიგნობასაც ედავებიან. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხუთ პირს ბრალად ედება ხულოგნობა (რაც სასჯელად 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), ხოლო ორს – ცრუ ინფორმაციის მიწოდება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, – ამ უკანასკნელთ სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიება გრჩელდება.

პროკურატურა აცხადებს, რომ „მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს“ და „მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და მართლმსაჯულება აღსრულდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი