ახალი ამბები

ავიაკატასტროფა გუდაურში: ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

30 ივლისი, 2022 •
ავიაკატასტროფა გუდაურში: ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული რვავე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, – ჯამში რვა ადამიანი.

ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.

ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც. ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.

ცხედრების ამოსვენება შაბათ დილისთვის უკვე დასრულებული იყო.

საქმის გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი