სააღსრულებო ბიურომ ვერ გაყიდა სახლი, რომელშიც ასლან აბაშიძე ცხოვრობდა, სამაგიეროდ მისი კიდევ ერთი ბინა ზღვის სანაპიროსთან მოქალაქემ აქუციონზე 13.680 ლარად შეიძინა.
აჭარის სააღსრულებო ბიურომ ასლან აბაშიძის ერთოთახიანი ბინა აუქციონის წესით 2010 წლის 19 თებერვალს გაყიდა.
აჭარის ყოფილი მმართველის ბინა აუქციონზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თანამშრომელმა, ზურა თავბერიძემ იყიდა. ის ამბობს, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია ვებ გვერდზე: ჰტტპ://წწწ.ნბე.გოვ.გე წაიკითხა და გადაწყვიტა, ეყიდა, რადგან წარმოუდგენლად იაფი ღირდა. ახალგაზრდა იურისტის თქმით, მას არ ეშინია, რომ აბაშიძის ბინის მფლობელი გახდა.
სააღსრულებო ბიურომ ვერ გაყიდა აბაშიძის ის ბინა, რომელშიც აჭარის ყოფილი მეთაური ცხოვრობდა 2004 წლამდე. 243 მეტრ კვადრატი ბინა ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, რომლის ფანჯრებიც პორტს გაჰყურებს, აუქციონზე სულ რაღაც 100 485 ლარად იყიდებოდა. ბათუმში ამ ტერიტორიაზე კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი 1500-2000 აშშ დოლარია.
ორი განმეორებითი აუქციონის შემდეგ ბინას მყიდველი არ გამოუჩნდა. ამიტომ ეს ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ახალ მესაკუთრეს – აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, ბინა დღემდე დალუქული აქვს.
სააღსრულებლო ბიურომ აბაშიძის კუთვნილი უძრავი ქონება მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაიტანა.
ბათუმში, სააღსრულებო ბიურო ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ კვირაში ცხრა კერძო პირის სახლს ყიდის. აუქციონის საწყისი ფასი რამდენჯერმე იაფია ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით.