„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ბიძინა ივანიშვილი მეგობრად მიაჩნია, ის უნდა გაემიჯნოს „ივანიშვილზე შეტევას“. კობახიძისვე თქმით, რადგან დეგნანმა ეს არ გააკეთა, ის არ არის ივანიშვილის მეგობარი და, შესაბამისად, მასსა და „ოცნების“ დამფუძნებელს შორის წარმართული შეხვედრა ვერ იქნებოდა პირადი ხასიათის:
„პირადი შეხვედრა ეს ვერ იქნებოდა, პირადი შეხვედრა იმართება მეგობრებს შორის. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქედან გამომდინარე, სრული უფლება არსებობდა, ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯარო საუბარი, დასმულიყო კითხვები და პასუხი გასცემოდა ამ კითხვებს. აქ რომ იყოს მეგობრობაზე საუბარი, მინიმუმ ელჩი, ასეთ შემთხვევაში, გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე. თუ ის მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე…
ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც არის ჩართული რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, ასევე ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. აქ რომ რაიმე მეგობრობაზე იყოს საუბარი, ძალიან მარტივად ამ პროცესს გაემიჯნებოდა ქალბატონი ელჩი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა და ეს დამატებით წარმოშობს კითხვის ნიშნებს. მნიშვნელოვანია სიცხადე იყოს ამ ყველაფერში და როცა ვიღაც ამბობს, სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მნიშვნელოვანია ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე აშშ-ის ელჩს საქართველოში ურჩევს, საკუთარ პოზიციებთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს:
„იყო უამრავი განცხადება, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში ომის რიტორიკის ტირაჟირებას. ეს იყო NGO-ების განცხადებები, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, მედიასაშუალებების წარმომადგენლების და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. ასეთ დროს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ გააღრმაონ ომის რიტორიკა და ელჩი ამას არ ემიჯნება, ეს წარმოშობს გარკვეულ კითხვებს.
ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი სიცხადე საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი მოწოდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა პოლემიკაში შევიდეთ, მაგრამ ჩვენი ერთგვარი რჩევა იქნებოდა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით, როდესაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, მთავრობის გადადგომას, როდესაც ომისკენ გვექაჩებიან — რა არის ელჩის პოზიცია“ ,- ამბობს კობახიძე.
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს “ქართული ოცნებიდან” გასული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.
როგორც ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დეგნანს 21 მარტს შეხვდა:
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ საუბრობს, რას შეეხებოდა მისი და ელჩის საუბარი.ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნებიდან“ გასული 3 დეპუტატის განცხადებები.
ისინი ჯერ ელჩს, შემდეგ კი ივანიშვილს მოუწოდებდნენ, ესაუბრათ ამ შეხვედრის შესახებ. მათ აინტერესებდათ „ხომ არ მოსთხოვეს“ ივანიშვილს რაიმე, ან ხომ არ „დააშანტაჟეს“.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან 21 მარტის შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას უკავშირდება.