ახალი ამბები

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა

28 ივლისი, 2022 • 910
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში- ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 20 პირი დააკავა.

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა“, – წერია შსს-ის განცხადებაში.

უწყების თანახმად, საპოლიციო მოქმედებების დროს ამოიღეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, ასევე ორი ცეცხლსასროლი იარაღიც.

ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი