ახალი ამბები

“ოცნების” ლიდერები ივანიშვილის წერილზე

27 ივლისი, 2022 • 614
“ოცნების” ლიდერები ივანიშვილის წერილზე

მმართველი პარტიის წევრები დადებითად აფასებენ  “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს და ამბობენ, რომ ეს მიუთითებს, თუ რამდენად პატრიოტია ის. საქმე ეხება ივანიშვილის მიერ დღეს, 27 ივლისს გავრცელებულ წერილს, რომელშიც საუბრობს საქართველოს “ომში ჩართვის რისკებზე”, შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” მის დავასა და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ.

“ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ივანიშვილმა წერილით პასუხი გასცა ბოლო პერიოდში არაერთხელ დასმულ შეკითხვას და ის ამბობს სიმართლეს:

“ამ წერილში ორი მნიშვნელოვანი მომენტია. პირველ რიგში, ეს გახლავთ ბატონი ივანიშვილის მხრიდან პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ბოლო პერიოდში იყო არაერთხელ დასმული. ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის. ის გამჭვირვალედ და ძალიან პირდაპირ ამბობს სიმართლეს. ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა რჩება იგივე”, – განაცხადა თალაკვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

პარლამენტის დეპუტატი, “ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური კი ეხმაურება აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრას და ივანიშვილს უწონებს ამ თემის წერილში “გაშლას”. ღუდუშაურის თქმით, ივანიშვილმა წერილში ვრცლად არ ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ის “ქვეყნის გულშემატკივარია”.

“განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის უკან [დეგნანმა] უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ ძალიან დიდი ხანია არ შეხვედრია ბატონ ივანიშვილს. მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ განცხადებაში არ უნდა გაშლილიყო თემა იმიტომ, რომ ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი. პოლიტიკიდან არის გაწეული, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად და თქვენ და საზოგადოებამ იცის, ეს მხარდაჭერა როგორი ძლიერი და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მან.

წერილს გამოეხმაურა დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძეც. მისი თქმით, მმართველი პარტიის დამფუძნებლის წერილი მაღალ შეფასებას იმსახურებს და “გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით”:

“თვითონ წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია, ერთი მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელია დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფრაგმენტი, რომელიც ეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს განსაკუთრებულ შეფასებას მოითხოვს, განსაკუთრებით აღნიშვნას. მოწოდებაა საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებობს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა წერილში “უბრალოდ თქვა, რა მოხდა რეალობაში” კელი დეგნანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე არსებობდა მოთხოვნა:

“ბიძინა ივანიშვილმა უკვე დიდი ხანია დატოვა პარტია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის თანამდებობა, ის აღარ არის პოლიტიკაში, ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს… უბრალოდ თქვა ადამიანმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალობაში. იყო მოთხოვნა და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას გაეგო, იყო ეს შეხვედრა თუ არ იყო, რას ეხებოდა…

ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით, ეს ციდან მოტანილი თემა ხომ არ არის?! როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები”, – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით ივანიშვილის წერილით ბევრი რა არის ნათქვამი და ქვეტექსტებიც მკაფიოა. მისი თქმით, წერილის “სიღრმეში შესვლა” გაუჭირდება, თუმცა საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, “ომში ჩართვის” რისკები კვლავ არსებობს და ამის ფონზე ივანიშვილის მოწოდება, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, “აბსოლუტურად რელევანტურია”.

“ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით. ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თვითონ წაიკითხავს ამ წერილს და ალბათ თვითონ გამოიტანს დასკვნებს…

არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით, გარკვეული ძალები იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში…

რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე, თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტურია”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.


დღეს, 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა საქართველოს “ომში ჩართვის რისკებზე”, შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” მის დავასა და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ. მან დაადასტურა “ქართული ოცნებიდან” გასული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ივანიშვილმა წერილში აღნიშნა, რომ დეგნანს 21 მარტს შეხვდა და შეხვედრა სამ საათს გრძელდებოდა.

„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ საუბრობს, რას შეეხებოდა მისი და ელჩის საუბარი. ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნებიდან“ გასული 3 დეპუტატის განცხადებები.

ისინი ჯერ ელჩს, შემდეგ კი ივანიშვილს მოუწოდებდნენ, ესაუბრათ ამ შეხვედრის შესახებ. მათ აინტერესებდათ „ხომ არ მოსთხოვეს“ ივანიშვილს რაიმე, ან ხომ არ „დააშანტაჟეს“.

21 ივლისს, როდესაც ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თქვა, რომ ივანიშვილს კარგა ხანია არ შეხვედრია და განაცხადა:

„ჩემი აქ ყოფნის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, მასთან ყოველი შეხვედრისას ყოველთვის ვარწმუნებდი მას, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთი შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის „დაშანტაჟება“.

ივანიშვილის წერილი ნახეთ ვრცლად:

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი