ახალი ამბები

რა გავიგეთ ივანიშვილის წერილიდან – ოპოზიციის გამოხმაურება

27 ივლისი, 2022 •
რა გავიგეთ ივანიშვილის წერილიდან – ოპოზიციის გამოხმაურება

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის წერილს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს “ომში ჩართვის” სავარაუდო რისკებზე, შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” მის დავასა და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წერილმა აჩვენა, რომ თავადაა “ქართული ოცნების” ნარატივის სულისჩამდგმელი საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამასთან, პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე საუბრით წერილში ივანიშვილს უნდოდა ეჩვენებინა, რომ სიმართლეს შეესაბამება “ოცნებიდან” გასული სამი დეპუტატის “შანტაჟზე” გავრცელებული განცხადებები.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, კელი დეგნანთან შეხვედრის ხანგრძლივობაზე ხაზგასმით, ივანიშვილმა მიანიშნა საუბრის თემის “სირთულესა და შესაძლო ზეწოლაზეც”. თუმცა, მისი თქმით, საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვებით ივანიშვილი თავად აგრძელებს დასავლეთის შანტაჟს, რომ ოლიგარქად არ მოიხსენიონ.

გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ “ვიღაცებს” და ომის საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ სხვებისგან მოდის “რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყრობა კიდევაც ქვეყანა”. გოცირიძის თქმით, ივანიშვილი ამას ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, შემდეგ კი “ოცნება” იმეორებდა იმავეს, რომ უკრაინამ ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო, რაშიც ისევ უკრაინას ადანაშაულებდნენ.

“რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც, სრულადაც რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? “სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი” – უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას.

რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა, რომ დაეწყო, ანუ უნდოდა, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა პრემიერ-მინისტრად დაესვათ რუსებს და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე ტროიკები და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ?

ეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით-არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.

არაფერი გამოუვა. უკრაინაში ომმა საბოლოოდ ახადა ნიღაბი ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. მან გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას. ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან-მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ. მაგალითების მოძიება მას არ გაუჭირდება”, – წერს გოცირიძე ფეისბუქზე და ამბობს, რომ ივანიშვილს “სანქცია ნებისმიერ შემთხვევაში არ ასცდება”.

ივანიშვილის წერილს ფარისევლურსა და ამაზრზენს უწოდებს გიგი უგულავა. კერძოდ, მისი თქმით, ივანიშვილს სანქციების ეშინია და სურს, “გამარჯვებულების მხარეს შეეტენოს”:

“ივანიშვილმა წერილი გამოაცხო. ფარისევლური და ამაზრზენი. “ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო.” აბა, “ვერტალიოტზე”, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და “სვის კრედიტთან” დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყვეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ – პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღვენ!

ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა ოცნებამ დასავლეთთან, ყველა ჩვენი პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას – დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით, რომ თქვენი მეტრი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია. ფული კი არ მოგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით. აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება”, – წერს უგულავა.

ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძის შეფასებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის წერილმა დაადასტურა, რომ “ხელოვნური და მახინჯი სპექტაკლი”, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დადგა სამეულის გამოყოფის სახით, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო.

“მე ამ წერილში დავინახე მცდელობა, რომ მან დააშანტაჟოს აშშ, რაც ძალიან სასაცილოა. მაგრამ ასევე დავინახე, რომ იგი კუთხეშია მომწყვდეული და არ იცის, როგორ მოიქცეს. მისი კაპიტალი ადარდებს, გასაგებია, მაგრამ ასევე შეშინებულია სანქციებით – წერილში ღიად ამბობს, რომ ნაწილობრივ დასანქცირებულია და ეს არის მისთვის შემაფერხებელი ფაქტორი”,- განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, წერილში ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, უსაფრთხოებაზე რეგიონში და ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც მხოლოდ საკუთარი ფინანსები ადარდებს.

“მას არ ადარდებს ქვეყანა, მაგრამ მისი კონტროლის გარეშე ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ. ჩემთვის ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს”,- დასძინა დეკანოიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით კი, დღევანდელმა წერილმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად შეუკვეთა მმართველ პარტიას “ომის რიტორიკაზე” საუბარი.

“ივანიშვილის დაკვეთით, “ქართული ოცნების” პროპაგანდა ომის დაწყების დღიდან ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები დააშინოს, თითქოს ომის მოთხოვნაა დასავლელი პარტნიორებისგან, ვისგანაც პირიქით, უზრუნველყოფილია ჩვენი უსაფრთხოება. ამ წერილის მთავარი გზავნილი და სულისკვეთება არის ბიძინა ივანიშვილის ქონების და ფინანსების დაცვა. ის ამ წერილით ევაჭრება და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და აქ არცერთ სხვა საკითხს არავითარი კავშირი არ აქვს – მას სჭირდება თავისი ფინანსების უკან დაბრუნება და როცა დასაცავია მისი ფინანსები, მზად არის, სასწორზე დადოს ქვეყნის ინტერესები”,- განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, არ სჯერა ბიძინა ივანიშვილის არცერთი სიტყვის.

“მჯერა და ვხედავ იმას, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” მზად არიან, გაყიდონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თუ ეს საჭიროა, ივანიშვილის ფინანსები”, – განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან არასდროს წასულა, ხოლო თუ მის ფინანსებს დასჭირდება, ღიადაც დაბრუნდება.

ხოლო “ლელოს” წევრ დავით უსუფაშვილის აზრით, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საერთო საფრთხეების გამკლავება იყო და არა ომში ჩართვა.

“უკრაინაში ომი რომ დაიწყო, საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო აღმოჩნდა უდიდესი ხიფათების წინაშე. ან დროს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერები ერთხელ კი არა, დღეში სამჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს იმიტომ, რომ აუცილებელი იყო, დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით გამკლავებოდა ხიფათს. ამ პროცესში საქართველო იყო სრულიად ამოვარდნილი. ოფიციალურმა ლიდერებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ სატელეფონო საუბრები ჰქონოდათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. რეალური ხიფათის დროს, როდესაც საქართველო არ იყო სათანადოდ მობილიზებული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სულ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი – რომ სერიოზული ხიფათებია, საჭიროა თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა.

ანუ რეალობა პირიქითაა სინამდვილეში. ჩვენმა მეგობრებმა, შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს საომარი შესაძლებლობა. ასე რომ, თუ ისინი რამეს ცდილობდნენ მარტში, თებერვალში და დღესაც, ეს არის სწორედ საქართველოსთვის ომის აცილება. დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში ფრონტის გახსნის შემთხვევაში ვერც საქართველო და ვერც დასავლეთი ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. ამიტომ პროცესი მობილიზებულია იმაზე, რომ ეს არ მოხდეს”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილი მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. “ტროიკას” პროპაგანდისთვის, მარჯვენა ხელით კი სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა.

“მე ვურჩევდი მას, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს, გაუწოდოს აშშ-ს და ევროპას და მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

“ლელოს” წევრ სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი წერილით კიდევ ერთხელ დაადასტურა ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში. სამადაშვილის აზრით, თუ ქვეყანაში არ მოხდება პოლიტიკური გადატვირთვა და ივანიშვილი არ ჩამოშორდება მმართველობას, საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ ექნება.

“თუ ვინმემ ვერ გაიგო, ვისზეა საუბარი, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი და ის წარმართავს მმართველი გუნდის პოლიტიკას. ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და ეს დაადასტურა თავად ივანიშვილმა წერილის გამოქვეყნებით”, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ახლახან დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან და ვაშინგტონში არავის აქვს ილუზია, თუ რა არის ივანიშვილის როლი. შესაბამისად, ივანიშვილისადმი იქნება მიმართული დასავლელი პარტნიორების ყველა პრეტენზია იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნება” ღიად გადავიდა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის რეჟიმში.

“არა მხოლოდ იმ აბსურდული თეზისის, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველო ჩართოს ომში, არამედ ყველა პოლიტიკური გზავნილის უკან, რომელსაც “ოცნება” აჟღერებს, ყოველყვის იდგა და დგას ბიძინა ივანიშვილი. წინ გველოდება კიდევ უფრო გაფუჭებული ურთიერთობები დასავლეთთან და სრული უიმედობა, თუ ქვეყანაში არ მოხდა პოლიტიკური გადატვირთვა და სანამ ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება მმართველობიდან – ღია იქნება ეს თუ ფარული- მნიშვნელობა არ აქვს”,- დასძინა სალომე სამადაშვილმა.

ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც. მისი თქმით, ივანიშვილმა წერილის გამოქვეყნებამდე ნიადაგი შეამზადა დაქირავებული ექსპერტებისა და “ოცნებიდან” გასული სამი დეპუტატის მეშვეობით. კერძოდ, ჯაფარიძის აზრით, მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა სამ დეპუტატს “შემოატანინა” ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და შეხვედრისა და შანტაჟის შესახებ გაახმიანებინა ინფორმაცია. დღეს გამოქვეყნებული წერილით კი მიანიშნა, რომ რადგან “ოცნების” ყოფილი წევრების სიტყვები შეხვედრაზე მართალი აღმოჩნდა, “ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს”.

“ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა – 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართმევთო.

ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი. ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას. თან გასული ვარ, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო.

და დაასმევინა კითხვა (ციტატა): ‘ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუკზე.

წერილს ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარიაც:

“სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე… საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ”, – თქვა გახარიამ.

მოგვიანებით გახარიამ წერილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა Twitter-ზეც. მისი თქმით, ეს წერილი ადასტურებს, რომ საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას:

“ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გამძვინვარებული ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ის დგას, და ასევე ის ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით საკუთარი ინტერესებისთვის. ეს აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, ანადგურებს მითს ქველმოქმედის შესახებ, იზოლირებულად და მარტოდ ტოვებს საქართველოს საოკუპაციო ძალებთან”, – წერს გახარია Twitter-ზე.

აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა პარლამენტის წევრმა, პარტია „პროგრესის“ დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმაც. მისი თქმით, ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ თავად “შეატყობინა” მმართველი პარტიის წევრებს “ომის საშიშროების” შესაბე, ახლა კი “თავადვე მოხსნა ომის საშიშროება”:

“რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან:
1. თავადვე დასვა კითხვა „ყაველაშვილის ტრიოს“ მეშვეობით, ჰქონდა თუ არა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და თავად უპასუხა, რომ დიახ, ეს შეხვედრა ჰქონდა.
2. რამდენიმე თვის წინ თავადვე შეატყობინა თავის მდივნებს – ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს და დანარჩენებს, ვისაც „ოცნების“ გუნდს ეძახის, რომ საქართველოში სადაცაა, ომი დაიწყება და ახლა თავადვე მოხსნა ომის საშიშროება.
3. შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში. აქვე, მინდა შევახსენო, ის საქართველოს შეპირდა, რომ თავისი ქონების 90 %-ს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიმართავდა”, – წერს ოქრიაშვილი ფეისბუკზე.

“ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას თქმით, კი ივანიშვილის წერილი ადასტურებს “ქართული ოცნების” გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა “საქართველოს სჯის”, რადგან ივანიშვილის ომში ჩართვა ვერ მოახერხა:

“ეს განცხადებაც ადასტურებს ამ გზავნილს, რომ დასავლეთი, ამერიკა და ევროპა საქართველოს სჯის იმიტომ, რომ ამ მამაცი გაბედული ადამიანის – ივანიშვილის ომში ჩათრევა ვერ მოახერხა. ამ ფონზე, სერიოზულად განხილვა, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება. ეს ამოცანა არ არის მხოლოდ კანდიდატობის სტატუსი, ეს ამოცანაა ნატოს და ევროკავშირის წევრობა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის შიგნით თავისუფალ ქვეყნად გახდომა. ეს ყველაფერი შეუძლებელია, სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა მართავს ვითარებას”, – თქვა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ დღევანდელმა წერილმა დაადასტურა, რომ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობაა. ასევე მისი შეფასებით, წერილით დადასტურდა რომ “ოცნებიდან” წასული სამი დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის “პროექტია” და ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებზე “ოცნების” მხრიდან გაჟღერებული კომენტარების ავტორიც სწორედ ისაა:

“ეს წერილი დასტურია, რომ დღეს საქართველოში ნამდვილად არის ოლიგარქიული მმართველობა და სწორედ ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს ყველაფერს. მეორე – ეს წერილი დასტურია, რომ ეს ტრიო [მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი] არის სწორედ მისი მეორე პროექტი, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება. მესამე – ეს წერილი დასტურია, რომ დასავლეთს, ევროპაზე, აშშ-ზე, აშშ-ის და ევროკავშირიის ელჩზე შეტევის მთავარი ავტორი ბიძინა ივანიშვილია. ეს წერილი დასტურია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ სწორედ მის გამო”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი