ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, აშშ-ის ელჩს შეხვდა და 3 საათი ესაუბრა

27 ივლისი, 2022 •
ივანიშვილის თქმით, აშშ-ის ელჩს შეხვდა და 3 საათი ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს “ქართული ოცნებიდან” გასული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დეგნანს 21 მარტს შეხვდა:

„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ საუბრობს, რას შეეხებოდა მისი და ელჩის საუბარი.ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნებიდან“ გასული 3 დეპუტატის განცხადებები.

ისინი ჯერ ელჩს, შემდეგ კი ივანიშვილს მოუწოდებდნენ, ესაუბრათ ამ შეხვედრის შესახებ. მათ აინტერესებდათ „ხომ არ მოსთხოვეს“ ივანიშვილს რაიმე, ან ხომ არ „დააშანტაჟეს“.

21 ივლისს, როდესაც ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თქვა, რომ ივანიშვილს კარგა ხანია არ შეხვედრია და განაცხადა:

„ჩემი აქ ყოფნის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, მასთან ყოველი შეხვედრისას ყოველთვის ვარწმუნებდი მას, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთი შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის „დაშანტაჟება“.

კელი დეგნანი შტატების ელჩად საქართველოში 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა. იმ დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო. ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის 1 1 იანვარს განაცხადა ( ხელმეორედ), რომ პოლიტიკას ტოვებდა და მას შემდეგ პოზიციას არ იკავებს მთავრობასა თუ მმართველ პარტიაში.

მთავარ ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და კელი დეგნანი, ფოტო არქივიდან.

ივანიშვილის განცხადება სრულად:

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი