ახალი ამბები

EU-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსული გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ

26 ივლისი, 2022 • 920
EU-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსული გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების რისკის პარალელურად, შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან მომდევნო წლის მარტამდე ნებაყოფლობით შეამცირებენ რუსული გაზის მოხმარებას 15 პროცენტით, პარალელურად კი შექმნიან სტრატეგიულ მარაგებს.

„ეს არ ყოფილა შეუძლებელი მისია“, – განაცხადა ჩეხეთის წარმომადგენლობამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელია.

შეთანხმების თანახმად, მიზანია ზამთრის დადგომის წინ რუსეთის მიერ შანტაჟისთვის გამოყენებულ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის შემცირება.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ გაზის მიწოდება კრიტიკულ დონეს მიაღწევს, მაშინ შეთანხმება არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო იქნება.

გარდა ამისა, ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე და აქვთ მიწოდების სხვა საშუალებები, შეძლებენ გაზის მოხმარების ჩვეულ დონეზე შენარჩუნებას.

შეთანხმება კომპრომისულია იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ძლიერ არიან დამოკიდებულნი გაზზე, როგორც ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებაზე.

ის ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ გადააჭარბონ გაზის მარაგების დასახულ მოცულობას, ან თუ „კრიტიკული“ ინდუსტრიების ასამუშავებლად დამოკიდებულნი არიან ბუნებრივ აირზე, ან იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნებში გაზის მოხმარება 8 პროცენტით გაიზარდა ბოლო ხუთი წლის საშუალოსთან შედარებით, შეძლებენ მოითხოვონ დაწესებული თვითშეზღუდვების გაადვილება.

ბუნებრივ აირს რუსეთი იყენებს დასავლეთზე ზემოქმედებისთვისა და შანტაჟისთვის.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის თანახმად, მოსალოდნელია, რომ რუსეთი ზამთარში ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას შეამცირებს, რათა კონტინენტზე დამატებითი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები გამოიწვიოს.

აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდისა და, შესაბამისად რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის ევროკავშირმა მოლაპარაკებები ბაქოსთან უკვე დაიწყო. ამ მიზნით ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რა დროსაც, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი