ახალი ამბები

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

26 ივლისი, 2022 •
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.

სანქციები დაუწესდა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვიტალი ხოცენკოს, ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადისლავ კუზნეცოვს, რუსეთის იუსტიციის მინისტრ კონსტანტინე ჩუიჩენკოსა და მის მოადგილე ოლეგ სვირიდენკოს, ასევე, ბრიტანეთში მოქმედ ბიზნესმენებს: სარვარ (საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ ყოფილი დირექტორი) და სანჯარ ისმაილოვებს, რომელთა ბიძა რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვია. თავად უსმანოვი მარტიდან სანქცირებულია.

„ჩვენ არ გავჩუმდებით და არ ვუყურებთ მშვიდად, როგორ თრგუნავენ უკრაინელ ხალხს ან საკუთარი ხალხის თავისუფლებებს კრემლის მიერ დანიშნული სახელმწიფო აქტორები. ჩვენ გავაგრძელებთ მკაცრი სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ცდილობს პუტინის უკანონო შეჭრის ლეგიტიმაციას, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, — განაცხადა ლიზ ტრასმა.

ევროკავშირთან კოორდინაციით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 2 სირიულ დაჯგუფებას. ერთი ჯგუფი პასუხისმგებელია სირიელების რეკრუტირებაზე რუსეთის ომში უკრაინაში საბრძოლველად, ხოლო მეორე მხარს უჭერს სირიის რეპრესიულ რეჟიმს.

დღევანდელი სანქციები ეფუძნება დიდი ბრიტანეთის სანქციების პაკეტს რუსეთის მიმართ, რომელიც მოიცავს 1 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 100-ზე მეტ ორგანიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი