რუსეთის ქალაქ ბარნაულში მცხოვრები ფილოსოფიისა და ისტორიის პროფესორი დააჯარიმეს სოციალურ მედიაში ომის საწინააღმდეგო მასალებზე რეაქციის გამოხატვისთვის. აღნიშნულის შესახებ ალექსეი არგუნოვმა Sibir.Realii-სთან ისაუბრა.
გამოცემის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქის წინააღმდეგ “არმიის დისკრედიტაციის” შესახებ მუხლი გამოიყენეს არა პოსტის გამოქვეყნებისთვის თუ მისი გაზიარებისთვის, არამედ მასალაზე რეაქციის გამოხატვისთვის.
როდესაც პოლიციაში დაიბარეს და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB) მასალებზე დაფუძნებული ოქმი გააცნეს, ალექსეი არგუნოვი ჯერაც ვერ იჯერებდა იმას, რაც მის თავს ხდებოდა. პროფესორი დარწმუნებული იყო, რომ შემოწმების შემდეგ საქმე დაიხურებოდა.
“მოგვიანებით, იმავე პოლიციელებმა უთხრეს მას: “არ გაგიმართლა”, ორი დღის შემდეგ კი სასამართლომ [პროფესორი] გაამტყუნა”, — წერს Sibir.Realii.
არგუნოვმა პოლიციაში, საქმის მასალებზე გაცნობისას შეიტყო, კონკრეტულად რას ედავებოდნენ:
როგორც ამბობს, აღმოაჩინა, რომ “არმიის დისკრედიტაცია” მოიცავს სევდიანი ემოციის(ემოჯი) გამოხატვას პოსტზე, რომელიც ეხება ოპოზიციური პარტიის, “იაბლოკოს” წარმომადგენლის ამავე მუხლით გასამართლებას; ასევე, მოწონების(like) ღილაკის გამოყენებას არნოდლ შვარცნეგერის ვიდეოს ქვეშ, რომელშიც ამერიკელი მსახიობი აკრიტიკებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
არგუნოვის თქმით, პოლიციელების დამოკიდებულებიდან ჩანდა, რომ ეს საქმე უმნიშვნელოდ, სასაცილოდაც კი მიაჩნდაც. თუმცა 15 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე არგუნოვი გაამტყუნეს და 30 000 რუბლით დააჯარიმეს.
როგორც პროფესიული სასწავლებლის პროფესორი, არგუნოვი ხელფასის სახით თვეში 17 000 რუბლს იღებს.
Net Freedom Project-ის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 3 000-ზე მეტი ოქმი შედგა “არმიის დისკრედიტაციის” მუხლით. ამავე მონაცემებით, ყოველ სამუშაო დღეს პოლიცია საშუალოდ 35 ასეთ ოქმს ადგენს.